ნიკოლოზ სამხარაძე: როგორც კი საქართველო შეასრულებს ევროკომისიის მიერ გადმოცემულ რეკომენდაციებს, მყისიერად მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას წინა კვირაში პრაღაში გამართულ ევროკავშირის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტს. ასევე, ისაუბრა კონფერენციაზე, სადაც ის ერთ-ერთ სპიკერად იყო მიწვეული.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი მინიჭებული, საქართველო უკვე განიხილება გაფართოების კალათაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, როგორებიც არიან სერბეთი, მონტენეგრო, ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია, ასევე, უკრაინა და მოლდოვა. აქედან გამომდინარე, შედარებით შეცვლილია ის ვადები, რომელშიც ჩვენ უნდა ველოდოთ ევროკომისიის მიერ შეფასებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს იქნება დიდი შეფასების ნაწილი. ამ ღონისძიებაზე პრაღაში ჩვენი ყველა  პარტნიორი ქვეყანა პრინციპში ერთხმად გამოხატავდა იმ აზრს, რომ როგორც კი საქართველო შეასრულებს ევროკომისიის მიერ მისთვის გადმოცემულ რეკომენდაციებს, მყისიერად საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი განცხადებით, პრაღაში ყოფნისას კოლეგები სხვადასხვა ქვეყნიდან აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ვერ დაინახეს ერთიანობა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„პრაღაში ყოფნისას ასევე მქონდა საუბარი ჩემს ბევრ  კოლეგასთან სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთი რამ, რაც მითხრეს, იყო ის, რომ უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, სადაც პოლიტიკური სპექტრი ერთიანი იყო ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნისთვის, საქართველოსთან მიმართებით, სამწუხაროდ, ასეთი რამ ვერ დავინახეთო.
კონკრეტული პოლიტიკოსები მათი ვიზიტების დროს ან მათი საუბრების დროს ევროპელებთან არ ითხოვდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ის ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს აქვს, რომ როდესაც სახელმწიფოს ინტერესები დგას ყველაზე მაღლა, მაშინაც კი ისინი ცდილობენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოვიდნენ და არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ყველაზე დიდი წვლილი პოლარიზაციაში მიგიძღვით სწორედ თქვენ იმიტომ, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგები არ აღიარეთ”, – მიმართა ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები