ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა – ათობით დაშავებული და დაჭრილია
ქაბულში, რუსეთის საელჩოს ჭიშკართან აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ Aamaj News-ი წერს. აფეთქება დარ-ულ-ამანის ქუჩაზე ვიზის აღების რიგში მოხდა.
Reuters-ი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდამსხმელი საელჩოს შეიარაღებულმა დაცვამ ადგილზე მოკლა, როდესაც ის ჭიშკარს მას შემდეგ მიუახლოვდა, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 15-დან 20-მდე ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა – ზუსტი რიცხვი არ სახელდება, მათ შორის ორი რუსი დიპლომატია.
ცნობისთვის, რუსეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც ქაბულში საელჩო მას შემდეგ შეინარჩუნეს, რაც “თალიბანმა” ქვეყნის მმართველობა ისევ ხელში ჩაიგდო. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ოფიციალურად “თალიბანის” მთავრობას არ ცნობს, ისინი ე.წ. ოფიციალურ პირებთან ბენზინისა და სხვა საქონლის მიწოდების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.