კანადაში თავდასხმის სერიის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა
კანადის პროვინცია სასკაჩევანში თავდასხმების სერიის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა.
BBC-ის ცნობით, თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს, მიმდინარეობს მათი ძებნის ოპერაცია.
აღნიშნულია, რომ თავდასხმები 13 ლოკაციაზე მოხდა. პოლიციამ ეჭვმიტანილები დაასახელა – 31 წლის დემიენ სანდერსონი და 30 წლის მაილს სანდერსონი, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია – იმყოფებიან თუ არა ისინი ნათესაურ კავშირში.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ისინი შეიარაღებულები არიან.
კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თავდასხმებს “საშინელი და სულისშემძვრელი” უწოდა.
კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, მარკო მენდიცინომ სასკაჩევანის მცხოვრებლებს “თავშესაფრებში დარჩენა” ურჩია.