რუსთავის სასამართლომ შემზარავი მკვლელობისთვის გასამართლებულებს 17 – წლიანი პატიმრობა შეუფარდა

  რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 2013 წლის 25 ნოემბერს სადახლოს სასაზღვრო – გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე მომხდარი ექვსი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულების: არჩილ გოგიშვილის, გიორგი ნავერიანის, ზურაბ კუხალაშვილის და შოთა ჭელიძის საქმის არსებითი განხილვა. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებოდათ ორი ან მეტი პირის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე“ და მესამე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 25 ნოემბერს სადახლოს სასაზღვრო – გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღებით უკანონოდ შეიარაღებული არჩილ გოგიშვილი, გიორგი ნავერიანი, ზურაბ კუხალაშვილი და შოთა ჭელიძე სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, მოკვლის მიზნით თავს დაესხნენ ექვს პირს. მათ ცეცხლსასროლი იარაღებიდან განხორციელებული გასროლით ადგილზე მოკლეს გიორგი ფირანიშვილი და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს მერაბ კალანდაძეს, რომელსაც იმავდროულად ჯგუფის დაუდგენელმა ერთ-ერთმა წევრმა განზრახ შეაჯახა ავტომანქანა, რამაც ამ უკანსკნელის სიკვდილი გამოიწვია. ასევე, მძიმედ დაიჭრნენ მამა-შვილი მარად მუკბანიანი და დილარ მუკბანიანი, ხოლო ბესო კეიდიას და ილია ბალიაურის მიმართულებით ნასროლმა ჭურვებმა მიზანს ვერ მიაღწია და მხოლოდ მათი ავტომანქანები დააზიანა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში ოთხივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დასადგენად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები