ირაკლი ბერაია საქართველოში აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშეს შეხვდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აშშ-ის ახალდანიშნულ თავდაცვის ატაშესთან, ჯოზეფ ბილბოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი თავდაცვისა და უსაფრთხოების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ძალიან მჭიდრო და პროდუქტიული ურთიერთობები გვაქვს თავდაცვის სფეროში და თავდაცვის ატაშესთან შეხვედრაზე ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებს შევეხეთ. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეხმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და ეს გამოიხატება როგორც ფინანსურად, ასევე შეიარაღებით, სამხედრო წვრთნებით და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებით. ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა არის მყარი, რომელიც ურთიერთმხარდაჭერას და ურთიერთნდობას ემყარება”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
თავდაცვის ატაშესთან გამართულ შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი, მარინა იახნისი დაესწრნენ.