ვიცეპრემიერი, ლევან დავითაშვილი კომპანიის – Abu Dhabi Ports დელეგაციას შეხვდა
ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი კომპანია – Abu Dhabi Ports (AD Ports Group) საერთაშორისო ბიზნესის მიმართულების დირექტორს, სამირ ჩატურვედის და მის თანხმლებ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები , ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე – თორნიკე ზირაქიშვილი, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – პაატა კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიეროებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარებაზე საზღვაო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში და ამ დარგებში ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობებზე.
სტუმრებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების, მიმდინარე და დაგეგმილი სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალი, სამომავლო ხედვა და გეგმები, რასთან დაკავშირებითაც სტუმრებს წარედგინათ პრეზენტაცია ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების, სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით არსებული ტრენდებისა და შესაძლებლობების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კომპანია„Abu Dhabi Ports-ის დელეგაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სტუმრობისას ქვეყნის სანავსადგურე სექტორში მიმდინარე პროცესები გაეცნო. გამოიკვეთა მხარეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები საზღვაო კლასტერის, ასევე, საზღვაო განათლების ხელშეწყობისა და ტრენინგცენტრების განვითარების მიმართულებით.