ნათელა იანქოშვილი – მხატვარი, ვის სახელსაც დიდება უცდის
30 აგვისტო დიდი ქართველი მხატვრის, ნათელა იანქოშვილის (1918-2007) დაბადების დღეა. მას 104 წელი შეუსრულდებოდა. ქართული ფერწერა მან ახალ მწვერვალზე აზიდა და ამის გამო მის ყველა სურათს საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება.
არიან მხატვრები, რომლებიც დროსთან ერთად ხუნდებიან, სიცოცხლეში მათ „კბილებით უპყრიათ” საკუთარი დიდება და როგორც კი ფიზიკურად გარდავლენ, აღმოჩნდება, რომ ეს ყალბი ოქროს ჩხრიალი ყოფილა, ნამდვილ ოქროს კი დრო-ჟამი გამოცდის და მის სასარგებლოდ ირჯება. ასე მოხდა ნათელა იანქოშვილის შემთხვევაში.
მისი გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ ის თავისი ეპოქის მხატვრებს შორის ყველაზე გახმაურებული და შესაძენად სასურველი ავტორი გახდა. მას აფასებენ ევროპასა და ამერიკაში, ეცნობიან რა მის ბიოგრაფიას, უკვირთ ის მხატვრული სიმამაცე და დაუმორჩილებლობა, რაც მის ხელოვნებას ეტყობა, კომუნისტურ მარწუხებში ის დარჩა საკუთარი თავის ერთგულად და არასოდეს ცდუნდა რიოში პროპაგანდით, რასაც სოციალისტური რეალიზმი მხატვრებისგან ითხოვდა. ნათელა იანქოშვილი საკუთარი აღმოჩენების წიაღში
იყო დანთქმული და არასოდეს აინტერესებდა თემები, რომელსაც მხატვრებს „ზემოდან” სთავაზობდნენ. ამის გამო მას ბევრი უსამართლობის ატანა უწევდა, მაგრამ მუდამ უდრეკობას ინარჩუნებდა.
ნათელა იანქოშვილის ნებისმიერი სურათი შესრულებულია უდიდესი ოსტატობით და პასუხისმგებლობით, უყურებ სურათის ზედაპირის მისეულ დამუშავებას, საღებავის წაცხების, მონასმების ვირტუოზობას და რწმუნდები, რომ მხატვრობა იყო მისი ბრძოლის ველი, საიდანაც ის მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა.
გარდაცვალებიდან თხუთმეტ წელიწადში მისი, როგორც მხატვრის, ცნობადობა და ავტორიტეტი არნახულად გაიზარდა: გამოჩნდა ევროპისა და ამერიკის წამყვან არტპლატფორმებზე, გამოიცა მისადმი მიძღვნილი ალბომი, მონოგრაფია ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
მის შესახებ დაწერეს ცნობილმა ამერიკელმა, იტალიელმა, გერმანელმა, ბრიტანელმა არტექსპერტებმა და კრიტიკოსებმა, რომლებმაც ხაზგასმით დააფიქსირეს თავიანთი აღტაცება იშვიათი ტალანტით, რომელსაც ქედი არ მოუხრია კონიუნქტურის წინაშე და შედეგად დარჩა ორიგინალური ხელწერა, რომელსაც მნახველი და დამფასებელი ამიერიდან კიდევ უფრო გაუმრავლდება.
მექსიკელ ფრიდა კალოს 40 წელი დასჭირდა, რომ სრული საერთაშორისო დიდება ეპოვა, მჯერა, მომავალში ნათელა იანქოშვილიც მის ბედს გაიზიარებს.
თუმცა აქვე უნდა ითქას, რომ საკუთარ საშობლოსაც მართებს ოდნავ მეტი ყურადღების გამოჩენა ამ გენიოსის მიმართ.
საქართველოს ეროვნულ გალერეაში თუ მოხვდებით რუსთაველზე, სადაც უამრავი უცხოელი დამთვალიერებელი შედის, აღმოაჩენთ, რომ საქართველო მხატვრების უდიდეს დეფიციტს განიცდის, თითქოს სამ-ოთხ მხატვარზე მეტი არ გვყავდეს?!
ამ დარბაზებში ნამდვილად არის იანქოშვილის, შალვა ქიქოძის, ფელიქს ვარლამიშვილის და კიდევ რამდენიმე მხატვრის ადგილი. აღნიშნულ გალერეას კი ნამდვილად გადასახედი აქვს არსებული საგამოფენო პოლიტიკის მიმართ, ასე ნუ გავაღარიბებთ ქართული მხატვრობის ლანდშაფტს, ის ხომ გაცილებით მდიდარი და მრავალფეროვანია?!
გიორგი ლალიშვილი ლონდონიდან