„რუსეთი ერთადერთი ტერორისტია მსოფლიოში, რომელმაც ატომური ელექტროსადგურის ბრძოლის ველად გადაქცევა მოახერხა“ – ზელენსკი

რუსეთი იყენებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინელებისა და ევროპელების დასაშინებლად, რათა შემდგომ ისინი დააშანტაჟოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიაში „ჩრდილოეთ ზღვების შელფის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კიდევ ერთხელ დააკვირდით სიტუაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. რატომ აკეთებს ამას რუსეთი? რატომ აკეთებს რუსეთი რადიაციულ შანტაჟს? იგივე მიზანი, აბსოლუტურად ცინიკური, აბსოლუტურად გათვლილი – უკრაინელების დაშინება, ყველა ევროპელის დაშინება.

შანტაჟი და იძულება არის ზეწოლა იმისთვის, რომ რუს სახელმწიფო პროპაგანდისტებს და ჩინოვნიკებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ თითქოს ეს არ იყო რუსეთის ბრალი, არამედ სხვამ შექმნა კიდევ ერთი კრიზისი და ამ სხვა ადამიანზე უნდა მოახდინოს გავლენა და სავარაუდოდ, სწორედ ამისთვის არის საჭირო კრემლთან მოლაპარაკება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთი ერთადერთი ტერორისტია მსოფლიოში, რომელმაც ატომური ელექტროსადგურის ბრძოლის ველად გადაქცევა მოახერხა და ყველაფერს თანმიმდევრულად აკეთებს.

უკრაინის პრეზიდენტი არანორმალურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული შანტაჟისთვის, „როსატომის“ წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ არსებობს დამბლოკავი სანქციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები