სვანეთში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია -„ედიყობა“ – აღდგა

განვითარება ტრადიციიდან იწყება…

თანამედროვე სამყაროში ყველაზე დიდი ფასეულობა სწორედ ჩვენი წეს-ჩვეულებებისა და ღირებულებების შენარჩუნებაა…

„ედიყობა“ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, რომელსაც სვანები ამაღლების დღეს აღნიშნავდნენ. როგორც ბევრი სხვა, აღნიშნული დღესასწაულიც დავიწყებული იყო, თუმცა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მამიში ჯერ ედიყის სახელობის ამაღლების  ტაძარი აღადგინეს და შემდეგ ტრადიციაც გაცოცხლდა.

ლენტეხის  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და „Native Georgia-სა“ და „ნოვა ჰიდრომაინინგის“ დამფუძნებლის, ვასილ ბაბლუანის მხარდაჭერით, „ედიყობა 2022“ გაიმართა.

„აღნიშნული ღონისძიება, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, წელს კვლავ განახლდა! ტრადიციის მიხედვით, დღესასწაული „ედიყის“ ამაღლების ტაძარში წირვით იწყებოდა. რამდენიმე წლის წინ, მამაჩემის ინიციატივით, დავიწყეთ ედიყის სახელობის ამაღლების ტაძრის აღდგენა, რაც 2021წელს დასრულდა. მსურდა, მივიწყებულ სოფელში მივიწყებული ტრადიცია გამეახლებინა. ჩემი ყველა ბიზნეს სტრატეგია ტრადიციების აღდგენასა და ევროპული გამოცდილებით, მათ განვითარებას ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, ამ ღონისძიებას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ღონისძიებაზე, როგორც ადგილობრივ, ასევე, ჩამოსულ სტუმრებს „Native Georgia-ს“ სვანური დავარგებული ხორცპროდუქტით –ხამიშით გავუმასპინძლდით. ამ პროდუქციის დეგუსტაციაც პირველად სწორედ ედიყობას დავამთხვიეთ.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. მიხარია, რომ ჩვენს რეგიონს გულანთებული და საქმეზე ორიენტირებული გუნდი მართავს. მსგავსი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ლენტეხის პოპულარიზაციისთვის. ამ არეალში ტურიზმის განსავითარებლად, მე აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს სერიოზულ რესურსებს, რომლებიც ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გამაჩნია,“- განაცხადა ვასილ ბაბლუანმა.

 „ედიყობა 2022“ დილის 8 საათზე  ედიყის ამაღლების ტაძარში წირვით დაიწყო და  ტრადიციულად, სპორტულ აქტივობებში: დოღსა და ფრენბურთში შეჯიბრით გაგრძელდა. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ადგილობრივი ახალგაზრდები. შეჯიბრში გამოვლენილი გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

„სიმართლე გითხრათ,  შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ „ედიყობა 2022-ის“ შესახებ დღეს ლენტეხში ყველა საუბრობს. რა თქმა უნდა, მომავალ წელს ამ ღონისძიებას  უფრო მასშტაბური სახე მიეცემა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობა და მოხარული ვარ, რომ ვასილ ბაბლუანის ჩართულობით და მხარდაჭერით, მომავალშიც უამრავ საინტერესო პროექტს ჩაეყრება საფუძველი,“- აღნიშნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები