ნათია ფანჯიკიძე აგვისტოს ომს იხსენებს – მე და ირაკლიმ დაახლოებით ერთნაირი სიზმარი ვნახეთ
ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე 6 წლის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს იხსენებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. მას მიაჩნია, რომ ომის ქარცეცხლიანი დღეებისადმი დამოკიდებულებას ადამიანები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ამ სტრესს ფსიქოლოგი საკუთარი ინტერპრეტაციით ხსნის.
„8-ში რაჭაში ვიყავით მე, დედაჩემი, ჩემი შვილები და მათი მეგობრები. თვითმფრინავები ეზოში ფრენდნენ და ზოგჯერ ხეებს ედებოდნენ, ფოთლებს აცლიდნენ. ირაკლი ნიუ – იორკიდან გვირეკავდა. რა ვქნა, სარდაფში დავიმალოთო? როცა დაბლა არიან, არაო, დაბლიდან არ დაგბომბავენო… მაღლა კი სულ იყვნენ. რაჭის გამჭვირვალე ჰაერში ისეთი გუგუნი ისმოდა, სარდაფიდან თავის გამოყოფას ვერ ვასწრებდით, ისევ დასამალი ვიყავით და მაინც, იქაც მქონდა ბედნიერების საფუძველი – ბავშვები არც ერთხელ შიშს ისე არ აუტანია, რომ დედაჩემი დავიწყნოდათ, რომელიც ცხადია, სირბილით ვერ შევიდოდა სარდაფში. ვუყურებდი ჩემს შვილებს და მათ მეგობრებს და ვიყავი ამქვეყნად ყველაზე ამაყი. აფხაზეთში რომ ომი დაიწყო, მაშინაც აგვისტო იყო და მაშინაც რაჭაში ვიყავი.
დილას სამმა ადამიანმა, მე, ირაკლიმ და ჩემი ბიძაშვილის ქმარმა დაახლოებით ერთნაირი სიზმარი ვნახეთ. რატომღაც სამივემ გავუზიარეთ სიზმრის შინაარსი ერთმანეთს და სხვებსაც. ბევრი ხალხი, სისხლი და ჩოჩქოლი. ჩემი სიზმარი დღესაც ცხადად მახსოვს, – მე და ირაკლი დავდიოდით სიბნელეში და მიწას ვთხრიდით, რაღაცას (ვიღაცას) ვეძებდით. წუხელ დამესიზმრა, თითქოს მომახარეს, ირაკლის მამაც ცოცხალი ყოფილაო, სულ სხვანაირადაა საქმე, მალე ყველაფერი გაირკვევაო. რა უცნაურია, ძილის წინ და არც ამ დღეებში ომზე არ მიფიქრია თითქოს, ერთადერთი რამდენჯერმე „კაზანტიპზე“ გავიფიქრე, როგორ ყველგან ერთნაირია ადამიანი, როცა ჩვენთან სისხლის გუბეები იდგა, ზოგი დუბაიში გასამგზავრებელ რეისს ელოდა, ახლა, როცა ლამის მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე ვართ, უკრაინაშიც არსებობენ მხიარული ადამიანები, საჟრიამულოდ მზადმყოფები. ალბათ ესეც თავდაცვაა, სტრესის დამარცხება მხიარულებით? თორემ რა დროს რიოს კარნავალია ერთი შეხედვით?“, – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.