ქუთაისი პროექტის – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ მონაწილეებს მასპინძლობს
26-28 აგვისტოს ქუთაისი არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსულ 200 მედიაწარმომადგენელს, ბლოგერსა და ინფლუენსერს უმასპინძლებს, რომლებიც რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტროსახლებს ესტუმრებიან.
„GET LOST WITH WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ ავიაკომპანიის უკვე აპრობირებული პროექტია და ითვალისწინებს ინფოტურს, რომლის მონაწილეები დასაწყისში არ ფლობენ ინფორმაციას მათი მოგზაურობის დანიშნულების ადგილის შესახებ და პროექტის გამარჯვებულ ქალაქში (ქვეყანაში) მათი ჩასვლა არის სიურპრიზი.
ქუთაისი ამ პროექტში იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა – DMO იმერეთისა და ევროპის ყველაზე სწრაფადმზარდი და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Wizz Air-ის, კერძოდ კი მისი შვილობილი კომპანიის Wizz air abu dhabi-ს თანამშრომლობის შედეგად ჩაერთო, კონკურენცია გაუწია ევროპის მოწინავე ქალაქებს და მოიპოვა კიდეც პროექტის განხორციელების უფლება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და თანაორგანიზატორობით, DMO იმერეთის მიერ შემუშავდა სპეციალური სამდღიანი პროგრამა.
„უმნიშვნელოვანესი პროექტის მონაწილეა ქუთაისი. მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩვენი ქალაქი შეირჩა და 3 დღის მანძილზე ვუმასპინძლებთ არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსულ 200 მედიაწარმომადგენელს, ბლოგერსა და ინფლუენსერს. პროექტის „GET LOST WITH WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ მონაწილეები საუკეთესო მხრიდან გაიცნობენ ჩვენს ქალაქს და თავიანთ შთაბეჭდილებებს საერთაშორისო მასშტაბებით გაავრცელებენ, რაც ხელს შეუწყობს ქუთაისის პოზიციონირებას მსოფლიო არენაზე“, – აცხადებს ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბური ინფოტური პირველად ხორციელდება საქართველოში.
ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პროექტში პარტნიორი ორგანიზაციების სტატუსით ჩართულები არიან: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ქუთაისის მერიის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.
ეს თანამედროვე სტანდარტების პროექტი ახლო აღმოსავლეთში ქუთაისის და იმერეთის რეგიონის შესახებ ცნობადობის ამაღლებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.