საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა დღეს მუშაობა დაასრულა

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილმა, საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა დღეს მუშაობა დაასრულა.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე უკვე შეთანხმებული მოსაზრებების თაობაზე იმსჯელეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს საპარლამენტო კონტროლის აღსრულების თერთმეტივე მექანიზმის თაობაზე, როგორებიცაა პარლამენტის წევრის შეკითხვა, ინტერპელაცია, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება და ანგარიში, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე და კომიტეტის სხდომაზე გამოცხადება, მინისტრის საათი, თემატური მოკვლევა, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი და სხვა მექანიზმები, რომლებიც აქამდეც იყო პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული და ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, უახლოეს დღეებში წარედგინება პარლამენტს.

„სამუშაო ჯგუფის ფორმატში ფაქტობრივად ყველა ძირითად საკითხზე შევთანხმდით. ახლა მოხდება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა, რითაც გაიზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. გაიზრდება ინტერპელაციის გამოყენების საშუალება, ასევე გამკაცრდება და პროაქტიული გახდება საპარლამენტო კონტროლი ისეთ მნიშვნელოვან მექანიზმზე, როგორიცაა დეპუტატის შეკითხვა.
ამავდროულად გამკაცრდება კონტროლი კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო გამოცხადებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მინისტრის საათს, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რაც არის რეგლამენტით განსაზღვრული, ეს პროცედურა სრულად აძლევს პარლამენტის ყველა წევრს საშუალებას, რომ დასვას კითხვა და შემდგომ დამაზუსტებელი შეკითხვაც და მიიღოს პასუხი. ასევე მნიშვნელოვანი ბერკეტებია პარლამენტის ხელში თემატური მოკვლევა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი (ნააკი), ამაზეც ვისაუბრეთ და კონსენსუსს მივაღწიეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თემატური მოკვლევის დაწყება შესაძლებელი იყოს არა სიითი უმრავლესობის, არამედ ჩვეულებრივი უმრავლესობის შემთხვევაშიც. დღესაც საკმაოდ მოცულობითი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები აქვს პარლამენტს ხელში და სამუშაო ჯგუფის ფორმატში კიდევ დავამატეთ მთელი რიგი საკითხები, რაც უფრო მეტად გაზრდის საპარლამენტო კონტროლის ეფექტურობას”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები