ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, თუ რა საკითხებზე გაიმართება საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დღევანდელი შეხვედრა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნება განხილული ყველა ის საკითხი, რომელზეც კონსენსუსი მიღწეულია.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრით შესაძლოა, სამუშაო ჯგუფმა მუშაობის ძირითადი ნაწილი დაასრულოს.
„ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც კონსენსუსი მიღწეულია, კიდევ ერთხელ მოხდება შეთანხმება, გავლა და შესაძლოა, ამით სამუშაო ჯგუფმა თავისი მუშაობის ძირითადი ნაწილი დაასრულოს. აქ საკითხი ეხება ინტერპელაციასა და ყველა იმ თემას, რომელიც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს წარმოადგენს – თემატური მოკვლევებით დაწყებული, ინტერპელაციის გაგრძელებული, თანამდებობის პირთა პარლამენტში გამოცხადებით, სადეპუტატო შეკითხვით და სხვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.