უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) რაც შეიძლება მალე აიღოს მუდმივი კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებაზე.
„რუსეთმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის პირას დააყენა. ფაქტია, რომ რუსმა სამხედროებმა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ომის ზონად გადააქციეს. ახლა ევროპას და მეზობელ რეგიონებს რადიაციული დაბინძურების საფრთხე ემუქრებათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ის „სერიოზულად შეშფოთებულია“ ზაპოროჟიეში შექმნილი ვითარებით.
„გამაფრთხილებელი შუქები ციმციმებენ. ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ატომური სადგურის ფიზიკურ მთლიანობას ან უსაფრთხოებას, უბრალოდ მიუღებელია. სიტუაციის შემდგომმა ესკალაციამ შეიძლება თვითგანადგურებამდე მიგვიყვანოს“, – აღნიშნა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას.