უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხალხი ყოველთვის საუბრობს დასავლეთის დაშლის რისკსა და მისი ერთიანობის ნგრევაზე, თუმცა G7-ისა და ნატოს სამიტზე დასწრების შემდეგ, ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ერთიანობა ახლა შეუდარებელია და მისი აზრით, ის შენარჩუნდება.
„არის გარკვეული ლოგიკა იმ პოზიციაში, რომელშიც აღმოვჩნდით, რადგან ახლა არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არც შეთავაზებებია. პუტინი არ სთავაზობს მოლაპარაკებებს და ასეთი წინადადებაც რომ იყოს, ვერ ვხედავ, რა ვითარებაში დათანხმდებოდნენ უკრაინელები ამ მოლაპარაკებებს. უკრაინაში არსებული აგრესიისა და ტირანიის გათვალისწინებით, ასეთი მოლაპარაკებები კატასტროფა იქნება მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
მისი თქმით, დასავლეთმა რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა დააღწიოს, რაც ევროპისთვის უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილება, ხოლო პუტინისთვის კატასტროფა იქნება.