ირაკლი ღარიბაშვილი ბილდტისა და ლინკევიჩიუსის კრიტიკას ეხმაურება
საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს სააკაშვილის მეგობართა კლუბის წევრებად მიიჩნევს, რის გამოც ისინი ექსპრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობას გამოხატავენ. აღნიშნული განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ლინას ლინკევიჩიუსისა და კარლ ბილდტის კრიტიკას გამოეხმაურა.
“ეს ნორმალურია, ეს არის ჩვეულებრივი. მარტივად აგიხსნით, ეს არის გარკვეული სააკაშვილის მეგობართა კლუბი, რომელთაც აქვთ გარკვეული მეგობრული ვალდებულებები და ისინი უბრალოდ თანაგრძნობას გამოხატავენ. მარტივად ასეა. მათ, სამწუხაროდ, არ იცოდნენ ის საშინელებები, რაც ხდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში, თუნდაც ომის შესახებ. ზოგიერთი მოქალაქისთვის აბსოლუტურად შემზარავი იყო იმ ფაქტების, იმ კადრების ნახვა, რაც ჩვენ ვიხილეთ 2008 წლის ომში, მათ შორის გაქცეული მთავარსარდალი, და ამას მომავალი თაობა კიდევ უფრო კარგად და მკაცრად შეაფასებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საუბრები, რაც გვესმის, მათ შორის ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ არ უნდა გამოვიძიოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულებები, პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს.