ავთანდილ თალაკვაძე: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განვაგრძობთ ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტების განხორციელებას
“საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განვაგრძობთ ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტების განხორციელებას. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ ასკანაში, მთისპირში თამარ მეფის ციხის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დაიწყო”, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის მომზადების ღირებულება 103 000 ლარია და მასზე მუშაობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს, რასაც შემდგომ შესაბამისი სამუშაოები მოჰყვება.
“შედეგად, მე-4 საუკუნის ისტორიული ძეგლის კონსერვაცია და ოზურგეთში კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ლოკაცია შეიქმნება.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება, არის ნაგომრის კულტურის სახლი. რეაბილიტირებული და განახლებული შენობა გამორჩეული იქნება თავისი სილამაზით და არაერთ საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს. პროექტის მომზადების ღირებულება გახლავთ 84 000 ლარამდე და მასზეც მუშაობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდით მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოსული იყო ოზურგეთში და ამ პროექტების დაწყება პირადად დააანონსა. როგორც ხედავთ, ეს პირობაც სრულდება”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.