უკრაინული მედია: ერევნის სპეცოპერაცია უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ყაზახეთის წინააღმდეგ

ერევანში მომხდარ ფაქტმა და კედელზე გაკრულმა ფერადმა პლაკატებმა უკრაინული მედიის ყურადღება მიიქცია. სომხეთის დედაქალაქის ცენტრში შენობებზე გამოსახულია ფერადი ბანერები კრემლის სიმბოლოებით და ასოებით „Z“, რომელიც უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სუვერენული ტერიტორიების ანექსიას აანონსებს. ამის შესახებ უკრაინული მედია 5.ua ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ოკუპირებული ყირიმი რუსეთად არის მოხსენიებული, იგივე წერია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიებზეც, კერძოდ, დონეცკზე, ლუგანსკზე, მარიუპოლზე, ზაპოროჟიეზე, ხერსონზე, ტირასპოლსა (დნესტრისპირეთი) და ცხინვალზე (სამხრეთ ოსეთი). ერთ-ერთ პლაკატზე კი ვხვდებით შემდეგ წარწერას: „ჩრდილოეთ ყაზახეთი რუსეთი იქნება“, არცახი – დაე, ისიც რუსეთი გახდეს!“

ყველა ეს ტერიტორია ან უკვე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ან მათ ემუქრება ოკუპაცია და შემდგომი ანექსია იქ ვითომდა ჩაგრული ეთნიკური უმცირესობების დაცვის საბაბით. პირველ კატეგორიაში შედის უკრაინის დროებით დაპყრობილი ქალაქები და რეგიონები, ასევე, მოლდოვის (დნესტრისპირეთი) და საქართველოს (სამხრეთ ოსეთი) ოკუპირებული ტერიტორიები; მეორე კატეგორიაში შედის ყარაბაღი, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანს და ნაწილობრივ დაკავებულია სომხური უმცირესობის მიერ, ისევე როგორც ჩრდილოეთ ყაზახეთი, სადაც ზოგიერთ რაიონში არის რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროცენტი. უფრო მეტიც, ყველა ამ ტერიტორიაზე არის კრემლის საოკუპაციო ჯარები (აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინა, დნესტრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი) ან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები და არმიის კონტინგენტი (ყარაბაღი, ჩრდილოეთ ყაზახეთი)“, – წერს უკრაინული მედია.

სტატიაში საუბარია, ასევე, რეფერენდუმზე და აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის ხელმძღვანელობა უკვე ამზადებს მას შემდგომი ანექსიისთვის, ამ მოსაზრების გასამყარებლად კი ავტორი ალექსეი არესტოვიჩისა და სერგეი შოიგუს სიტყვებს იხსენებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ჯერ კიდევ 26 მაისს განაცხადა, რომ 11 სექტემბრისთვის დაგეგმილია საყოველთაორეფერენდუმი“ „მინისსრკ“- აღდგენის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მან ცალკე ახსენა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე, სამხრეთ ოსეთი.

14 ივლისს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ერთერთმა მთავარმა არქიტექტორმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა: „ჩვენი ქვეყანა კვლავ იქნება დიდი და ძლიერი. ისევ იქნება საბჭოთა კავშირი და არავინ არსად წავა“, – ვკითხულობთ სტატიაში.

პუბლიკაციაში სათითაოდ არის განმარტებული, თუ რომელი სახელმწიფოები უნდა იყვნენ ყველაზე მეტად შეშფოთებულები მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით სამხედრო ოკუპაციისა და ყალბი რეფერენდუმების შესახებ. სტატიის ავტორი ჩამონათვალს მოლდოვათი იწყებს, მანამდე კი აღნიშნავს, რომ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ აღიარა, რომ პუტინის აგრესიისგან „არავინ არის დაზღვეული“ და „ბევრი ქვეყანა შეშფოთებულია“.

მოლდოვას შემდეგ, სტატიაში რიგში არიან საქართველო, აზერბაიჯანის და ყაზახეთი. ავტორი ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით ქრონოლოგიურად მიმოიხილავს ოფიციალური პირების განცხადებებს.

მოლდოვა

8 აპრილს Gazeta.ru-ს რუსეთის ფედერაციის მე-14 არმიის შტაბის ყოფილმა ოფიცერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლაი ლიზუნოვმა განუცხადა: „ტირასპოლი არის რუსეთი!“

22 აპრილს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილის რუსტამ მინეკაევას თქმით კი, „უკრაინის სამხრეთ ნაწილზე კონტროლი კიდევ ერთი გზაა „დნესტრისპირეთისკენ“, სადაც, ასევე, არის რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრის ფაქტები“.

1-ელ მაისს ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა გამოაქვეყნა უკრაინის დაზვერვისგან მიღებული ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციამ უკვე შეიმუშავა მოლდოვაში შეჭრის გეგმა. 10-ში ეს ინფორმაცია აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელმა ავრილ ჰეინსმა დაადასტურა.

7 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლდოვა უნდა მოემზადოს „რუსული ჯარების შეჭრისთვის“. 25-ში კი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა: „უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის დაახლოებით 220 000  მოქალაქე ცხოვრობს დნესტრისპირეთში“. 28-ში, ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უკრაინის შეიარაღებული ძალების პრეს-ოფიცერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა გაიხსენა, რომ რუსეთის ხელისუფლება „ოცნებობს სახმელეთო დერეფანზე არაღიარებული დნესტრისპირეთისკენ, მოლდოვის შემდგომი ოკუპაციის მიზნით“…

საქართველო

სამხრეთ ოსეთის ყოფილი „პრეზიდენტის“ ედუარდ კოკოითის განცხადებით, სამხრეთ ოსეთს, რომელიც საქართველოს შემადგენლობაშია, 4 000-მდე რუსი ჯარისკაცი აკონტროლებს. მარტში ამ ქვედანაყოფების ნაწილი მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში. ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა ნაცისტებს ბოლო მოუღონ“.

30 მარტს ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც მაშინ „პრეზიდენტის“ პოსტს იკავებდა, „სტრატეგიულ მიზნად“ რუსეთის ფედერაციაში შესვლა გამოაცხადა. იმავე დღეს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან ტადტაევმა აღნიშნა: ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის, ამაში არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება არ არსებობს. დღეს მთავარია რეფერენდუმის ჩატარება და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაწევრიანება“.

„მიუღებელია რაიმე რეფერენდუმზე საუბარი იმის ფონზე, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, ოკუპაციის პირობებში არცერთ რეფერენდუმს არ ექნება სამართლებრივი ძალა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე გააძევეს საკუთარი სახლებიდან“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა 31 მარტს განაცხადა.

„თუმცა მოსკოვმა მაშინვე დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას. უკვე 31 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხებში“ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ  ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი შესაძლოა მაის-ივნისში ჩატარდეს. 1-ელ აპრილს კრემლის დიქტატორის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დასძინა, რომ „საუბარია სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების გამოხატვაზე, ჩვენ მათ პატივისცემით ვეპყრობით“. და სახელმწიფო სათათბიროს „დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის შესახებ“ კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთს „უფლება აქვს ჩაატაროს რეფერენდუმი და ახლა არის შესაფერისი დრო ჩაატაროს ყველა სამართლებრივი პროცედურა“. ამასთან, ამ ინიციატივას თბილად შეხვდნენ ანექსირებული ყირიმის და ოკუპირებული დონეცკის მარიონეტული „ლიდერები“. 8 აპრილს ცხინვალში ჩავიდა რუსი სენატორებისა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ლიდერების წარმომადგენლობითი დელეგაცია. მათ მხარი დაუჭირეს რეფერენდუმს.

თუმცა, მოგვიანებით კრემლმა გადახედა თავის პოზიციას. გადაწყდა რეფერენდუმის გადადება, რათა ეს საკითხი გამოეყენებინათ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისადმი მისი პოზიციის კუთხით. ამიტომ გამოცხადდა, რომ რეფერენდუმის იდეა იყო ანატოლი ბიბილოვის კერძო ინიციატივა, რომელმაც მაისში დაკარგა „პრეზიდენტის“ პოსტი. აღინიშნა, რომ ეს იდეა მოსკოვთან საერთოდ არ იყო შეთანხმებული და კოორდინაცია არ მომხდარა“, – წერს უკრაინული მედია.

რუსეთის „ელჩმა“ ცხინვალში მარატ კულახმეტოვმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთში“ პლებისციტის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს რუსული მხარის აზრის გაუთვალისწინებლად, „ჩვენი შეთანხმებების საწინააღმდეგოდ, ჩვენი თანამშრომლობის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ“.

„თეორიულად, ამან შეიძლება გამოიწვიოს ვადამდელი არჩევნები და საქართველოს პოლიტიკის ცვლილება, რომელიც არ შედის მოსკოვის ინტერესებში. რუსეთის ფედერაცია ამას ითვალისწინებს და ამიტომ დგამს ნაბიჯებს რეფერენდუმის ჩატარების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა მოსკოვურ გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამგვარად, საქართველოს მიეცა მკაფიო მესიჯი: სანამ ის „სწორად“ მოიქცევა უკრაინაში პუტინის აგრესიასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის პროექტი შეჩერებული იქნება.

„როგორც კი იქნება სიგნალი, როგორც კი გავიგებთ, რომ დრო დადგა, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ამ რეფერენდუმს“, – განაცხადა ახალმა „პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა 11 მაისს.

მაგრამ ამავე დროს, 28 მაისს პუტინმა დაამტკიცა გამარტივებული პროცედურა სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისანიჭებლად. 15 ივნისს კი მოსკოვში გაიმართა კონსულტაციები სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის რეფერენდუმის შემდგომი პერსპექტივების შესახებ. დისკუსიის შედეგად დაევალა „უფლებამოსილ ორგანოებს, გაეტარებინათ საჭირო კონსულტაციები რუსულ მხარესთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი ინტეგრაციის ფორმებზე“.

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმი გაურკვეველი ვადით გადაიდო, სამხრეთ ოსეთის რეალურ სტატუსს მოწმობს ერევნის ცენტრში გაკრული პლაკატები, რომლებზეც ცალსახად აწერია: ცხინვალი რუსეთია!“

აზერბაიჯანი

„აზერბაიჯანის ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის 1960-კაციანი ნაწილებია განთავსებული. ამას ემატება მეზობელ სომხეთში დისლოცირებული 5000 რუსი სამხედრო, რომლებიც შეიარაღებულნი არიან S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემებით და MiG-29 ავიაგამანადგურებლებით“, – წერს 5.ua.

ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილები სავარაუდოდ, იმყოფებიან სომხური ეროვნული უმცირესობის „დასაცავად“, რომლის ლიდერები თავს წარმოადგენენ არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის არცახის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელებად. ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში, კრემლის დიქტატორისთვის მიწერილ ღია წერილში, ამ ფსევდორესპუბლიკის „პრეზიდენტი“ არაიიკ არუტუნიანი ნოსტალგიით იხსენებდა: საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში {მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20 საუკუნე მეორე ათწლეულის ბოლომდე} ყარაბაღი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ეს იყო ყარაბაღისთვის მშვიდობის, შენების ხანგრძლივი პერიოდი…“

2022 წლის 22 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას დონბასში რუსეთის პლაცდარმების აღიარების შესახებ“, არუთუნიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„არცახის რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ხალხის სახელით მივესალმები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, გადაწყვეტილებას. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ… ვულოცავთ დონბასის მოსახლეობას ამ ისტორიულ მოვლენას“.

ჯერ კიდევ 2021 წლის 26 დეკემბერს, აშკარად იმის შიშით, რომ ყარაბაღიდან რუსული სამხედრო კონტინგენტი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ჩაერთვება, „პრეზიდენტი“ არუთუნიანი დაჟინებით მოითხოვდა თავის ფეისბუკის გვერდზე: „რუსული სამშვიდობო ძალები უნდა დარჩეს არცახში მუდმივი და განუსაზღვრელი ვადით…“

17 იანვარს მოძრაობა „აზატაგრუმის“ ლიდერმა მიქაელ ბადალიანმა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ პროპაგანდისტულ მედიარესურსს განუცხადა:

„რუსი სამშვიდობოები ჩამოვიდნენ არცახში, სამუდამოდ თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხნით, და ამას არავინ ჰკითხავს არც ბაქოს, არც ერევანს“.

ზუსტად ოთხი თვის შემდეგ, „აზატაგრუმის“ აქტივისტებმა ერევანში რუსეთის საელჩოს წინ „აზოვსტალის“ დამცველების მხარდასაჭერად დაგეგმილი პიკეტი ჩაშალეს და რუსეთის მიერ მარიუპოლის ოკუპაციას გახარებულები მიესალმნენ.

უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის ფონზე, მეზობელ სომხეთში არცახელმა მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა აქტივისტებმა დაიწყეს ყარაბაღში რუსული სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბარი, ასევე, მოითხოვდნენ განუსაზღვრელი ვადით მის დარჩენას და რუსეთის ფედერაციასთან ყარაბაღის მიერთებაზე რეფერენდუმის გამართვას.

18 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა არტაშეს გეგამიანმა საინფორმაციო საიტ Oragir.news-ს განუცხადა:

„არცახში დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომელიც ეხება რუსეთთან მიერთებას, ისევე, როგორც ყირიმში რვა წლის წინ“.

25 მარტს, „არცახის უშიშროების საბჭომ“ დაამტკიცა მიმართვა კრემლის დიქტატორისადმი აზერბაიჯანის ყარაბაღში „რუსი სამშვიდობოების ამჟამინდელი რაოდენობისა და მათი მომსახურე ობიექტების რაოდენობის გადახედვისა და, შესაბამისად, სამხედრო პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით“.

31 მარტს ყარაბაღის ასკერანის ოლქის ყოფილმა ხელმძღვანელმა სასუნ ბარსეღიანმა მოუწოდა „არცახის“ ხელისუფლებას „რაც შეიძლება მალე ჩაატაროს ეროვნული რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციაში არცახის გაერთიანების საკითხზე“. 6 აპრილს სომხურმა გამოცემა Grapark-მა  სტეფანაკერტში {ყარაბაღის სომხური ანკლავის „დედაქალაქი“} ინფორმირებული წყაროს ციტირება მოახდინა:

„თუ სომხეთი ხელებს დაიბანს არცახში და აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ რუსეთთან შეერთების გარდა სხვა გზა არ გვექნება, ამიტომ, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება“.

8 აპრილს ერევნის გამარჯვების პარკში რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდამჭერ აქციაზე სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილმა დირექტორმა მიქაელ ამბარცუმიანმა განაცხადა:

„არცახში დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება იმ იმედით, რომ შეაგროვებენ იმდენ ხელმოწერას, რომ დააყენონ რუსეთთან მიერთების საკითხი“…

ყაზახეთი

ჯერ კიდევ 2009 წლის 6 იანვარს, The New York Times-ში ევროკავშირისა და აშშ-ის ყოფილმა დიპლომატებმა, ხუთი თვით ადრე საქართველოში რუსეთის შეჭრის გამოცდილების გათვალისწინებით, ყირიმი და ყაზახეთი „პოტენციური აალების წერტილებად“ დაასახელეს. 2014 წლის 24 თებერვალს, ყირიმის ანექსიის დაწყების პარალელურად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს მაშინდელმა ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ ყაზახეთი უნდა შევიდეს „ცენტრალური აზიის ფედერალურ ოლქში“ და „მთავარი ქალაქის სახელი უნდა იყოს ვერნი, დღეს მას არასწორი სახელი აქვს – ალმა-ატა“.

იმავე წლის 11 მარტს, ამერიკულმა ჟურნალმა The New Republic-მა დაწერა:

„მოხდა ყირიმის დე ფაქტო ანექსია… აღმოსავლეთ უკრაინა და ჩრდილოეთ ყაზახეთი, რუსების დიდი პროცენტით, არის შემდეგი?“

2014 წლის 9 აპრილს, ხაკასიის ონლაინ გამოცემა Chance-მა მოიყვანა „ედინაია როსიას“  ფრაქციის ხელმძღვანელის და ხაკასიის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმერ შტიგაშევის ციტატა, რომელიც ამბობდა:

„აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონი ან რუდნი ალტაი, ყოველთვის რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა… ჯამში ჩვენ ყაზახეთს ხუთი რეგიონი გადავეცით“. მან დაამატა: „მოულოდნელად ხალხს უჩნდება ქვეყნის გაერთიანების სურვილი… ხალხის ლტოლვა რაღაც გამაერთიანებელი მოძრაობისკენ რჩება. და ეს ფაქტია. ახლა ყაზახეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა: 80% არის გაერთიანების მომხრე“.

და მეორე დღესვე პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიის გადაწყვეტილება მიიღეს სოციოლოგიური გამოკითხვის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ნახევარკუნძულის მოსახლეობის 80% თითქოს „გაერთიანების“ მომხრე იყო…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები