სიღნაღში ART Festival – 2022 გაიმართება
21-26 აგვისტოს, სიღნაღში ART Festival გაიმართება, რომლის მიზანიც მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა, სახვითი ხელოვნების ამ დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობაა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს, საფესტივალო პროგრამა ფერწერითა (აკრილი) და მცირე ქანდაკებით (ხე) განისაზღვრება, ხოლო კონცეფცია თავისუფალი თემაა.
ფესტივალის პროგრამაშია – შემოქმედებითი კონკურსი, ვორკშოფები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები.
საფესტივალო 5 დღის მანძილზე მხატვრებსა და მოქანდაკეებს ყველა პირობა ექნებათ შექმნილი საკონკურსო ნამუშევრის შესაქმნელად.
Signagi ART Festival-ის დაჯილდოების ცერემონიალი 26 აგვისტოს გაიმართება და გაიცემა ორი პრემია 5000 – 5000 ლარის ოდენობით, ფერწერასა და ქანდაკებაში.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მოკლე სიას (short list) შეარჩევს და გამარჯვებულს გამოავლენს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური.
Signagi ART Festival საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით იმართება.