ვალერი გელაშვილი ზარალის ანაზღაურებას სასამართლოში მოითხოვს

  საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვალერი გელაშვილი მატერიალური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. დეპუტატი სასამართლოში ჩივილს აპირებს. როგორც დღეს ქუთაისის აეროპორტში ვილინიუსიდან დაბრუნებულმა გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამოართვეს ქონება, რომლის დაბრუნებასაც გეგმავს.
“მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ვაპირებ, მივმართო სასამართლოს, თუმცა ჯერ დასრულდეს ის პროცესები, რომელიც დაწყებულია. მე დღეს დავბრუნდი საქართველოში და ამას ვერავინ ვერ დამიშლის. ვაპატიე იმ სპეცრაზმელებს, რომლებიც ჩემს ცემაში მონაწილეობდნენ, რადგან მათ თანამდებობის პირებისგან დავალება ჰქონდათ მიცემული”, – განაცხადა გელაშვილმა.
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვის ბრალი 5 აგვისტოს წაუყენეს. ამ საქმეზე სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიების მასალების მიხედვით, 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის, ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით: “ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს”. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები