2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 6 წელი გავიდა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 6 წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1 747. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, სულ დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.
ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულად ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა. სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. განცხადებამ რუსეთის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ნატოში არ გაწევრიანდეს. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს ნატოს პოზიციის საპასუხოდ “საშინაო მონახაზები” მზად ჰქონდა. 31 მაისს რუსეთმა, რკინიგზის ხაზის აღდგენის მოტივით, აფხაზეთში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და სამუშაოები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაასრულა. პარალელურად, მწვავდებოდა ვითარება ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლების დაბომბვა თითქმის ყოველდღე მიმდინარეობდა. ოსურ შეიარაღებულ ფორმირებასა და ქართველ ძალოვანებს შორის ყველაზე სერიოზული შეტაკება პირველ აგვისტოს მოხდა, რომლის შედეგადაც, 6 შეიარაღებული ოსი დაიღუპა, 7 კი – დაიჭრა. შეტაკების შემდეგ ქართული სოფლების დაბომბვა გაგრძელდა. 8 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა, რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, სავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარიც დაბომბა. დაიბომბა ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიხედვით, რუსულ შეიარაღებულ შენაერთებს კონფლიქტის ზონების გარეთ მდებარე ტერიტორია ერთი თვის ვადაში უნდა დაეტოვებინათ. პირველი ოქტომბრიდან კი, საქართველოში პატრულირება ევროკავშირის დამკვირვებლებმა დაიწყეს. რუსული ჯარების გაყვანის პროცესის შესამოწმებლად გორის რაიონს 10 ოქტომბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვია და რამდენიმე სოფელში ჩავიდა. მისი შეფასებით, მოსკოვმა შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. რუსი ოკუპანტები კვლავ რჩებოდნენ სოფელ პერევში, რომელიც 2010 წლის 18 ოქტომბერს დატოვეს. რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება 26 აგვისტოს გამოსცა. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა კიდევ ხუთმა სახელმწიფომ (ვენესუალა, ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ) აღიარა, თუმცა მოგვიანებით ვანუატუმ და ტუვალუმ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და აღიარება უკან წაიღეს. 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა.