პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის: „კოკაინი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე პრიმა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.