ხათუნა ლაგაზიძე: საქართველოს ბედ-იღბალი პირდაპირ არის გადაჯაჭვული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან

“საქართველოს ბედ-იღბალი პირდაპირ არის გადაჯაჭვული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები გამოკვეთა. დღეს მთავარ მოთამაშეებს შორის არ არის რუსეთი, ამ ბიპოლარულ მსოფლიოში ერთმანეთს ამერიკა და ჩინეთი უპირისპირდება”,- ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რუსეთმა, რომელიც უკრაინის დაპყრობით იმპერიის აღდგენას ცდილობდა, ხვალ შესაძლოა ჩინეთთან ურთიერთობით სუვერენიტეტი დაკარგოს.

“რატომ ჩინეთი, როდესაც რუსეთია ომის დამწყები? რომ არა ჩინეთი, რუსეთის იმპერიული ძალის გატეხა გაცილებით ადვილი იქნებოდა. დღეს რუსეთი დიდწილად ჩინეთის იმედად დგას. რუსეთ-უკრაინის ომმა დააჩქარა პროცესი – რუსეთი ხდება ჩინეთის უმცროსი “ძმა” და ვასალი და სულ უფრო მეტად დამოკიდებული მასზე ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად. რუსეთს ჩინეთი სჭირდება ერთი მხრივ ენერგორესურსების გასაღების ბაზრად და მეორე მხრივ, იმ ტექნოლოგიების მისაღებად, რომელთაც ბოლო დრომდე დასავლეთიდან იღებდა. გარდა იმისა, რომ რუსეთისთვის ჩინეთის, როგორც მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია, ამასთან, ამას ჯაჭვური რეაქციით მოჰყვება სხვა ქვეყნების მხარდაჭერაც. პეკინი მხარს უჭერს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილს, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ შიშობს, მეორადი სანქციების ქვეშ არ მოჰყვნენ მისი კერძო და სახელმწიფო კომპანიები. ამ ქვეყანამ ბოლო 7 თვის განმავლობაში მოკლევადიანი კონტრაქტების საშუალებით 48-დან 61 მილიარდამდე აიყვანა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა და მნიშვნელოვანი ალტერნატივა გახდა რუსული გაზისა და ნავთობისთვის. შეიძლება ითქვას, რუსეთმა, რომელიც უკრაინის დაპყრობით იმპერიის აღდგენას ცდილობდა, ხვალ შესაძლოა სუვერენიტეტი დაკარგოს ჩინეთთან ურთიერთობით, რაც გამოიხატება დემოგრაფიული პრობლემის შექმნაში, რუსული ეკონომიკის ჩინურზე ჩამოკიდებასა და ტერიტორიების დაკარგვაში…. ამერიკამ უკვე სცადა რუსეთ-ჩინეთის ალიანსის დაშლა – უკრაინაში ომის დაწყებიდან თვენახევარში ამერიკისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ამ რამდენიმე ხნის წინ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ზოგიერთმა დამკვირვებელმა ისე წარმოაჩინა, თითქოს ამერიკამ ჭკუა ასწავლა ჩინეთს. სინამდვილეში ჩინეთი ძალიან შორსმჭვრეტელი და ჭკვიანი მოთამაშეა – ამ ქვეყნის ხელისუფლების დევიზია “იჩქარე ნელა”. ცნობილი ჩინური იგავის არ იყოს, ჩინელებს ჰყოფნით მოთმინება, მდინარესთან დასხდნენ და ელოდონ, როდის ჩამოატარებს წყალი მათი მტრის გვამებს – ანუ მოთმინებით შეამზადონ ნიადაგი მათთვის სასურველი სიტუაციისთვის. ჩინეთი ტაივანის საკითხის სამხედრო გზით მოგვარებას არ გამორიცხავს, მაგრამ მაგალითად იყენებს რუსეთის შეცდომებს, ობიექტურად აფასებს დასავლეთის რეაგირებას, ითვალისწინებს დასავლური სანქციების სიმძიმეს, სამხედრო უპირატესობას და მოცდას არჩევს. ელოდება იმ დროს, როდესაც მისი სამხედრო პოტენციალი მიუახლოვდება ამერიკისას. უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოში რამდენიმე ათწლეულიანი მშვიდობის ფაზა დასრულდა. ნატოს და ზოგადად დასავლური სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევები რუსეთ-უკრაინის ომით არ ამოიწურება. რისი იმედი აქვს ნატოს? ამ გლობალურ დაპირისპირებაში დასავლური სამყაროს მთავარი ამოცანა საფრთხის ობიექტურად გაანალიზება და ერთიანობის შენარჩუნებაა. მოწინააღმდეგე ძლიერია! თანამედროვე ომი 5 სივრცეში მიმდინარეობს: ეს არის ზღვა, მიწა, ჰაერი, კიბერსივრცე და კოსმოსი. წარმატების მიღწევა შეუძლია იმ სახელმწიფოს, რომელიც ხუთივე კომპონენტში თანაზომიერად ძლიერია. დღევანდელ ომში ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე და ფსიქოლოგიური მდგრადობა საინფორმაციო დივერსიული ოპერაციების მიმართ. საინფორმაციო დივერსიით შესაძლებელია წინასწარ გაანეიტრალო სამიზნე – იქნება ეს შეიარაღებული ძალები, მმართველი ელიტები თუ საზოგადოება. საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროს მკვლევრებმა თანამედროვე ეპოქას პოსტსიმართლის ეპოქა შეარქვეს. ეს არის მოცემულობა, როდესაც მნიშვნელობა აღარ აქვს, ვის მხარეს არის სიმართლე, რადგან უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადში ადამიანები ვეღარ ახერხებენ არგუმენტების მოძიებას სიმართლის დასამტკიცებლად. ესე იგი, მთავარია, საინფორმაციო კლანჭებში მოიქციო ადამიანი და სწრაფად მიაწოდო იმდენად დიდი ინფორმაცია, რომ ალტერნატიული წყაროების მოძიება ვერც შეძლოს და აღარც მოუნდეს. სამწუხაროდ, საქართველო უკვე იქცა საინფორმაციო დივერსიული ოპერაციების გამოცდის პოლიგონად. ჩვენი მტრის მიზანია პირველ რიგში ერის დემორალიზება, ღირსებისა და წინააღმდეგობის უნარის დაკარგვა, შემდეგ კი მათი სხვადასხვა ჯგუფად დაყოფა და დაპირისპირება. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანია იმ სისუსტეებისა და შიშების ზედაპირზე ამოტანა, რაც ერს ამა თუ იმ ისტორიულ მონაკვეთში ობიექტურად აქვს. “აბა, ომი გინდათ?!” – ­ სწორედ ამ პროპაგანდის ნაწილია.

მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს, უბრალოდ, ეს ჯერ საინფორმაციო ველზეა. დღეს მსოფლიოს ნაწილი უკრაინის გავრცელებულ ინფორმაციას ენდობა, ნაწილი – რუსულს. ჩინეთი რუსული საინფორმაციო ველის ნაწილია. საქართველო ძალიან მოუმზადებელია საინფორმაციო ომისთვის და ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ. ან გადავრჩებით როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ან გაქრება ჩვენი სუვერენიტეტი… ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზა საქართველოზე გადის. აქამდე ეს გზა ნაკლებად პოპულარული იყო გარკვეული რისკების გამო. საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ნაკადები მნიშვნელოვანწილად რუსეთის ალტერნატივა გახდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთს რამდენიმე გზა აქვს: პირველი – საქართველოში უნდა ჰყავდეს სრულად კონტროლირებადი ხელისუფლება, რათა გააკონტროლოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მეორე – ქვეყანაში შექმნას იმგვარი ქაოსი, რომ საქართველოს გავლით გადაზიდვებს საფრთხე დაემუქროს, მესამე – პირდაპირი სამხედრო გზით დაიპყროს საქართველო და ჩაიგდოს ხელში გაზსადენებზე, ნავთობსადენებსა და სატრანსპორტო არტერიებზე კონტროლი. მთელ ამ ამბავში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ საქართველოზე გამავალი საკომუნიკაციო არხებზე წვდომა ჩინეთის ინტერესებშიც შედის. პეკინს შეუძლია ეს ალტერნატიული გზები რუსული მადის და ამბიციების მოსაქაჩად გამოიყენოს. ასე რომ, ერთი მხრივ, ურთულესი, მეორე მხრივ კი, უნიკალური შესაძლებლობის წინაშე ვდგავართ. სხვათა შორის, პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტები ივლისში შუა აზიის ქვეყნებში საქართველოს ზემოაღნიშნული ფუნქციების გაძლიერებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო. საკითხი ეხებოდა სწორედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას”,- აცხადებს ლაგაზიძე.

ჟურნალისტების კითხვაზე – “როგორ უნდა დავიცვათ ბალანსი ისე, რომ ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, რომელსაც ნატო, რუსეთის ფედერაციასთან ერთად, საერთაშორისო წესრიგის დამრღვევად მიიჩნევს და კიდევ უფრო არ გავართულოთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა?”, – პასუხობს: ამერიკისთვის ეს საკითხი ნამდვილად გამოწვევაა.

“ძალიან კარგია, ეს რომ მკითხეთ, იმიტომ, რომ ამერიკისთვის ეს საკითხი ნამდვილად გამოწვევაა. ალბათ, გახსოვთ, ჩინეთი მსოფლიოს თავისი “ჰუავეის” ბაზაზე წარმოებულ 5G-სისტემებს ამერიკელებზე გაცილებით იაფად სთავაზობდა. ვაშინგტონს ცოტა მოგვიანებით მოუწია ამ საკითხში ჩარევამ და ბრიტანეთში უკვე დამონტაჟებული ჩინური 5G-სისტემების დემონტაჟი დაიწყო. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩინეთმაც და ამერიკამაც იციან, მომავლის მსოფლიოში ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია და ამ ორ ქვეყანას შორის ორად გაყოფილი სამყაროც სწორედ ინფორმაციულ კონტროლს დაეფუძნება. საქართველო ამ თვალსაზრისით ამერიკის კალათშია. მართალია, ჩინეთთან ურთიერთობაზე უარის თქმა წარმოუდგენელი ახლომხედველობა იქნება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუვერენიტეტის შენარჩუნება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ დასავლეთი ჩვენ მიმართ ინტერესს არ დაკარგავს.

ჩინეთი დღეს ყველაზე მომგებიან თამაშს თამაშობს. რუსეთი ფაქტობრივად უკვე დაიქვემდებარა – ისეთ დაბალ ფასად ყიდულობს რუსულ ენერგორესურსებს, თანაც ისე შეუზღუდავად, რომ ომის დაწყებამდე ეს წარმოუდგენელი იყო. ასევე, რუსეთის ბაზრის კარი ღიაა მისი სამომხმარებლო პროდუქციისა და ტექნოლოგიებისთვის. მართალია, ჩინეთს გაძლიერებული რუსეთი არ სჭირდება, მაგრამ არც ტრიუმფატორი დასავლეთი ეხატება გულზე, იმიტომ, რომ წინ ტაივანის საკითხი აქვს გადასაწყვეტი. ასე რომ, შემოდგომამდე, ანუ მანამდე, სანამ ჩინეთში კომუნისტური პარტიის მორიგი ყრილობა არ იქნება, სადაც პრეზიდენტს აირჩევენ, ჩინეთი თავის პოზიციას არ შეცვლის. ჩვენთვის ახლა სასიცოცხლო ამოცანაა, არ აღმოვჩნდეთ დასავლური სივრცის მიღმა. დღის წესრიგში დადგა ყაზახური ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რაც დიდ შესაძლებლობებთან ერთად დიდი რისკია, საქართველოს ხელისუფლება ზეაქტიურ მოლაპარაკებებს უნდა აწარმოებდეს დასავლეთსა და ჩინეთთან, ვინაიდან დღის წესრიგში ყაზახეთის უსაფრთხოებაც დგას, საქართველოზე გამავალი ენერგომარშრუტების, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები