Bloomberg: ბაიდენი მეორე ვადით კენჭისყრაზე განცხადებას ნოემბრის შემდეგ გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მეორე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ნოემბრის შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება.

ამის შესახებ Bloomberg-ი ბაიდენის მოკავშირეებსა და მრჩევლებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენი ოვალური კაბინეტისთვის ბრძოლას იმის მიუხედავად აპირებს, რომ დემოკრატების უმრავლესობა, ქვეყნის პრეზიდენტად, სხვა კანდიდატს ისურვებდა.

თუმცა, ბაიდენთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ის შთაგონებულია საკანონმდებლო, ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკაში ბოლო გამარჯვებებით და მზად არის, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებას შეუშალოს ხელი.

“პრეზიდენტმა თქვა, რომ აპირებს ხელახლა კენჭისყრას. ხალხმა სიტყვაზე უნდა დაუჯეროს”, – თქვა ბაიდენის დიდი ხნის თანაშემწემ, ანიტა დანმამ.

Bloomberg წერს, რომ სამმა დემოკრატმა კონგრესმენმა ბაიდენს, შესთავაზა, ადგილი ახალგაზრდა მემკვიდრისთვის დაეთმო.

FiveThirtyEight გამოკითხვის თანახმად, ამჟამად ბაიდენი 40%-იანი რეიტინგით სარგებლობს.

მაგრამ მოკავშირეები ამბობენ, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე, ტრამპის როლის გათვალისწინებით გაიზარდა. მიმდინარე კვირას კი, FBI-ის აგენტებმა ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენცია თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების ამოღების მიზნით გაჩხრიკეს.

თავად დონალდ ტრამპი კი ამბობს, რომ მან უკვე გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ჯერ არ იცის, კონკრეტულად როდის გამოაცხადებს კამპანიის დაწყებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები