ევროკომისიის წარმომადგენელი: რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაშია და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, უარი თქვან ვიზაზე საკუთარი უსაფრთხოების გამო

ევროკომისიის წარმომადგენლის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, რუსებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაშია და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, უარი თქვან ვიზაზე საკუთარი უსაფრთხოების გამო.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი აგრესიის გამო, პირველ რიგში, უკრაინა, მაგრამ ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნები დადგნენ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე.

„თქვენს კითხვას დადებითად ან უარყოფითად არ ვუპასუხებ, რადგან ჩვენ უკვე შევიმუშავეთ დეტალური რეკომენდაციები წევრი ქვეყნებისთვის რუსეთთან სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმის ნაწილობრივი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გამოყენების შესახებ. წევრი სახელმწიფოს კომპეტენციაა განიხილოს თითოეული განცხადება და უარი თქვას საზოგადოებრივი წესრიგის ან შიდა უსაფრთხოების საფრთხის საფუძველზე“, – აღნიშნა ანიტა ჰიპერმა.

ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენელმა რუსებისთვის ვიზების გაცემის პროცესში კიდევ ერთი პრობლემის შესახებ განაცხადა.

„არის კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც გასათვალისწინებელია. ეს არის ის ფაქტი, რომ ბევრი საკონსულოს თანამშრომელი გააძევეს რუსეთიდან, რაც კიდევ უფრო ართულებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადების განხილვის პროცესს“, – განაცხადა ჰიპერმა.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყონ, რომ ყოველთვის იყოს ადამიანთა კატეგორია, რომლებზეც ვიზები გაიცემა ნებისმიერ შემთხვევაში: ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის ან დისიდენტებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები