გენარალ დუმბაძის მეუღლე: კითხვა, რომელიც დღემდე მაწუხებს – ვინ შეუკვეთა ჩემი მეუღლის მკვლელობა, დღემდე უპასუხოდ დარჩა
მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებას გენერალ რომან დუმბაძის მეუღლე ცისანა აბაშიძე დუმბაძე ეხმაურება. როგორც „კვირას“ მოკლული გენერლის მუღლემ განუცხადა, რუსეთის მართლმსაჯულებამ ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.
„რუსეთის მართლმსაჯულებამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქმე ობიექტურად წარმართულიყო. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულებისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვეს, მაგრამ სასამართლომ მათ სასჯელის უმაღლესი ზომა 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მე რა უნდა ვთქვა, ისინი ისედაც ცოდვილები არიან…უფალმა დასაჯა ისინი თავიანთი საქციელის გამო, ეს ცოდვა მათ 7 თაობას გადაეცემა და უფალი განკითხავს მათ… რაც მთავარია, კითხვა, რომელიც დღემდე მაწუხებს – ვინ შეუკვეთა ჩემი მეუღლის მკვლელობა, დღემდე უპასუხოდ დარჩა. ამის შესახებ არც სასამართლოზე თქმულა… „ – ამბობს „კვირასთან“ ცისანა აბაშიძე – დუმბაძე.
მისი თქმით, სასამართლო პროცესს თავადაც ესწრებოდა, როგორც დაზარალებული და მან მოსამართლის კითხვებს უპასუხა. როგორც „კვირას“ გენერლის მეუღლემ განუცხადა, იგი მოსკოვის სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მოთხოვნით ჩავიდა.
“როდესაც სასამართლოს დარბაზში ბრალდებულები პირველად ვნახე, ეს იყო ამაზრზენი. რა გითხრათ. მათ დანახვაზე ყველაფერი თავიდან წარმოვიდგინე. ყველაფერი განმიახლდა. ვერ წარმოვიდგენდი, მათ ოდესმე თუ თვალებში შევხედავდი. მათ აღიარებით ჩვენებებს ვუსმენდი და ვერ გადმოგცემთ მე იქ რა დამემართა… არ ვიცი, როგორ გიამბოთ.. როგორ გადმოგცეთ…“ – ამბობს ცისანა აბაშიძე-დუმბაძე.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის მონაწილე 3 ბრალდებულს 4-იდან 25 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის სასამართლოს წინაშე გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გოჩა კვირიკაშვილმა სასამართლოს წინაშე მკვლელობა საჯაროდ აღიარა და მკვლელობის დამკვეთად დავით ჯიჭონავა დაასახელეს. თუმცა, ცისანა დუმბაძე აცხადებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მისი მეუღლის მკვლელობისთვის ქილერებს ფული ჯიჭონავამ გადაუხადა და მკვლელობის შემკვეთი დღემდე უცნობია.
როგორც ცნობილია, მკვლელობა მოსკოვში 2012 წელს მოხდა. საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სასამართლომ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტი და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ გენერალი რომან დუმბაძე საქართველოში გამოცხადებული იყო, როგორც ქვეყნის მოღალატე და სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ 2008 წელს 12 ქართველი სამხედროს სანაცვლოდ რუსეთის მხარეს გადასცეს. 2012 წელს მან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. 2012 წელს მოსკოვში, რუბლიოვკის გზატკეცილზე დაცხრილეს.