500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი და დამხმარე ფართები დაუკანონდება

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 504 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები – ეს გადაწყვეტილება, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადასაცემი ქონებები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში – ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, მარტვილში, ხაშურში, გორში, კასპსა და დაბა ჩხოროწყუში, ასევე ზუგდიდის, მცხეთის, წყალტუბოს, ხონის, აბაშის, ხობის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მდებარეობენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისსა და დაბა წყნეთში არსებულ ფართებზე საკუთრების უფლებას მიიღებს ბინათმესაკუთრეთა 11 ამხანაგობა, სადაც რეგისტრირებულია 421 დევნილი ოჯახი (1375 დევნილი პირი), ხოლო 83 ოჯახს, რომლებშიც ასევე ასეულობით დევნილი პირი ცხოვრობს, ზემოთჩამოთვლილ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში მდებარე საცხოვრებელი ბინები და რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაუკანონდება..

„ამ პროექტზე ჩვენ ვმუშაობდით ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იმის შესაფასებლად, რომ კონკრეტულად, ეს დევნილი ოჯახები მიზნობრივად, დანიშნულებისამებრ, არაკომერციულად იყენებდნენ ამ ფართებს. შესაბამისად, მთავრობის, ორი სამინისტროს აქტიური ძალისხმევით მოხდა ფართების დაკანონება და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები