დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის წევრებს დავალებები მისცა

   თბილისის მერის დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით დედაქალაქის მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. დავით ნარმანიამ საკუთარი გუნდის წევრებს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თბილისის მერმა გამგებლების და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისგან დედაქალაქის სტრუქტურულ ერთეულებში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და განაცხადა, რომ თითქმის ყველა გამგეობის ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფისა და ბინათმესკუთრეთა ამხანგობების დაფინანსების ნაწილში თანხები პრაქტიკულად ამოწურულია.
შესაბამისად,თბილისის მთავრობას ბიუჯეტის სხვა მუხლებში არსებული ეკონომიის მოძიება და გადატანა მოუწევს. დავით ნარმანიამ ხე-ტყის უკანო ჭრასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ სადაც კი ხე-ტყის უკანონო ჭრას ექნება ადგილი და მწვანე საფარის ხარჯზე, კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობები იქნება წამოწყებული, თითოეულ მოქალაქეს, ვინც არ უნდა იყოს ის, პასუხი მკაცრად მოეთხოვება. მთავრობის სხდომაზე ამ მიმართულებით პირველი დავალებები ზედამხედვლობისა და გამწვანების სამსახურების ხელმძღვანელებმა მიიღეს. მერმა მათ დედაქალაქში არსებული მდგომარეობის სწრაფად შესწავლა და კვალიფიციური მონიტორინგის განხორციელება დაავალა.
დღესვე მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ უმოკლეს ვადაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება წყალმომარაგების კომპანია „GWP“-სთან, რათა მათ სამუშაოების გეგმა წარადგინონ და დროულად აღმოფხვრან ის პრობლემები, რაც ამ მიმართულებით ქალაქში არსებობს. თბილისის მერმა მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, ახალი ავტობუსები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული იქნება.
დღესვე მთავრობის სხდომაზე „თბილისობის“ საორგანიზაციო კომისია შეიქმნა, რომელიც დღესასწაულის ჩასატარებლად ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს. კომისიას ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს, მის შემადგენლობაში საქალაქო სამსახურის უფროსები და რაიონის გამგებლები შედიან. თბილისის მერმა მთავრობის წევრებს უწყების ეფექტურად მუშაობის მიზნით, სხვადასხვა დავალებები მისცა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, დედაქალაქის მთავრობის სხდომა ყოველ ოთხშაბათს, 10:00 საათზე, გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები