“პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება არის ღირსეული, სამართლიანი პასუხი უსამართლობაზე, ჩვენი ხალხი იმსახურებს პატივისცემით მოპყრობას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ასეთი უხეში ჩარევა როდესაც ხდება და თან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, სამართლიანად იწვევს უსამართლობის შეგრძნებას ჩვენს საზოგადოებაში”.
“არავის აქვს უფლება, ასე სუბიექტურად მიუდგეს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, ჩვენს სახელმწიფოს. ამიტომ, დღეს აუცილებელი იყო, პასუხი ყოფილიყო მტკიცე, არგუმენტირებული და ღირსეული. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც, სინამდვილეში, საქართველოს მიმართ მტრული აქტია, ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაციასაც აზიანებს, რადგან ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, კონკრეტული შედეგებია იუესაიდის გაუქმებაზე, მეორე მხრივ, გაუქმებული იუესაიდის მხარეს დგომის მაგალითია. აქედან გამომდინარე, ყველას ეკუთვნის, იყოს თანმიმდევრული პოლიტიკაში და არა ფარული გავლენების, „დიფ სთეითის “ სამსახურში. ფაქტია, საქართველოსთან დამოკიდებულება იქნება ყველაზე კარგი ინდიკატორი – სინამდვილეში, „დიფ სთეითის“ დამარცხება არის რეალური მიზანი, თუ – არა. „დიფ სთეითი“ სადაც არის, იქ არ არის დემოკრატია, სამართლიანობა და ღირსებაზე ორიენტირებული მიდგომები, არამედ არის უსამართლობა, ჩაგვრა და ომის გაჩაღება სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, სამართლიან და კეთილსინდისიერ მიდგომებს ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადება მიიღო.