რა სტატუსით ესწრება უცხოეთში შეხვედრებს შვებულებაში მყოფი ხიდაშელი, პარლამენტში არ იციან

დეპუტატს მექსიკაში შვილებიც თან ახლავს

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მექსიკაში სასწავლო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრებს შორის პარლამენტის დეპუტატი თინათინ ხიდაშელიც იმყოფება. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია არც პარლამენტში იციან და არც იუსტიციის სამინისტროში.
„კვირა“ დაინტერესდა, თუ რა მისიით იმყოფება კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო წევრი თინა ხიდაშელი მექსიკაში.
როგორც „კვირას“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, მათთვის უცნობია, თუ რა სტატუსით იმყოფება დეპუტატი ქართული დელეგაციის წევრებს შორის.10579265_792726404083188_715560231_n
„ქართულ დელეგაციას მექსიკაში მინისტრის პირველი მოადგილე ალესანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობს, თუმცა პარლამენტის ხიდაშელი რა სტატუსით იმყოფება ამ შეხვედრებზე, ჩვენთვის უცნობია. დავუკავშირდები დელეგაციის ხელმძღვანელს სანდრო ბარამიძეს და მოგაწვდით ინფორმაციას, თუმცა დრო ძალიან განსხვავებულია და არ ვიცი, როდის მოხერხდება ბარამიძესთან დაკავშირება. უმჯობესია ეს საკითხი პარლამენტის აპარატის უფროსთან გაარკვიოთ“, – აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ სხილაძემ.
„კვირა“ პარლამენტის აპარატის უფროსს ზურაბ მარაქველიძესაც დაუკავშირდა.
„ქალბატონი თინა შვებულებაშია 4 აგვისტოდან 20 აგვისტომდე. ის მივლინებაში არ იმყოფება და, შესაბამისად, მასზე არცერთი თეთრი სამივლინებო ხარჯი არ არის გაცემული. სად ატარებს შვებულებას თინათინ ხიდაშელი, ჩემთვის უცნობია“, – აცხადებს ზურაბ მარაქველიძე.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მექსიკაში მასპინძელი ქვეყნის მიწვევით იმყოფებიან.
„იუსტიციის მინისტრისა და იუსტიციის თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტი მექსიკის მხარის მიწვევით განხორციელდა. რაც შეეხება დაფინანსებას საქართველოს ბიუჯეტიდან, ეს ვიზიტი არ არის დაფინანსებული. სამივლინებო თანხა მთლიანად მექსიკის მხარემ და ორგანიზაცია „MSI“ -მ დააფინანსა“, – აღნიშნა „კვირასთან საუბრისას მარიამ სხილაძემ. ქართული მხარის მექსიკაში ვიზიტი და შეხვედრები საინტერესო კიდევ იმით აღმოჩნდა, რომ პარლამენტარ თინა ხიდაშელს ორივე შვილი – სანდრო და გიგა უსუფაშვილებიც თან ახლავს.
ამის დასადასტურებლად, „კვირა“ იმ ფოტოებს გთავაზობთ, რომლებიც დეპუტატმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა. საკითხის გასარკვევად თინა ხიდაშელსაც დავუკავშირდით, თუმცა მისი ტელეფონი მომსახურების ზონიდან გასული იყო.
„კვირამ“ დეპუტატის მეუღლესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთანაც სცადა დაკავშირება, მაგრამ მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ვინ დააფინანსა დეპუტატისა და მისი შვილების მოგზაურობა მექსიკაში, ამ დრომდე უცნობია.
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ვიზიტი მექსიკაში 4 აგვისტოს დაიწყო და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.
ქართული დელეგაცია, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მონაცემთა დაცვის ფედერალური ინსტიტუტის საქმიანობას ეცნობა. დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მექსიკურ გამოცდილებას იზიარებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს.

10589883_792726507416511_820040904_n
10592243_792726620749833_2098719982_n

10524462_792726744083154_1236568986_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები