არჩილ გეგეშიძე ამერიკელი სენატორების მიერ საქართველოს პრემიერისთვის წერილის გამოგზავნას ადასტურებს
რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი ნამდვილად გამოგზავნა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ დაადასტურა. როგორც არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, მან პრემიერის აპარატში ეს ინფორმაცია გადაამოწმა და გაირკვა, რომ ეს წერილი მოსულია პრემიერის სახელზე. მისივე განმარტებით, მთავრობა არ არის ვალდებული, ასეთი ტიპის წერილები გაასაჯაროოს.
“ეს არის პირადი ხასიათის წერილი და არა – საჯარო. თუმცა, არ არის კონფიდენციალური და, მოთხოვნის შემთხვევაში, შეგიძლიათ ეს წერილი მიიღოთ. უბრალოდ შეკითხვა, მე მგონი, იმიტომ ისმის, რომ რატომ არ გასაჯაროვდა. როგორც მე მითხრეს, საჯაროვდება მხოლოდ მისალოცი, ან სამძიმრის ტიპის პუბლიკაცია, მაგრამ ამ ტიპის წერილები, რომელიც უამრავია და ყოველდღიურ რეჟიმში მოდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მართალია არ არის გასაიდუმლოებული, მაგრამ გაიცემა მხოლოდ მოთხოვნის თანახმად”,- განაცხადა გეგეშიძემ.
გავრცელბული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნეს აშშ-ის სენატორებმა ჯეიმს რიშმა, ჯინ შაჰინმა, მარკო რუბიომ და ჯონ მაკკეინმა. სენატორები წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების გასამართლებასთან დაკავშირებულ საფრთხეზე საუბრობენ და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.