ენტონი ბლინკენი: აშშ გმობს სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ დაკავებული ბრიტნი გრინერის გასამართლების შესახებ
აშშ გმობს სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქის, ბრიტნი გრინერის გასამართლების შესახებ და რუსეთის მიერ მძევლების დიპლომატიის გამოყენებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.
როგორც ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთის სამართლებრივი სისტემითა და რუსეთის მთავრობის მიერ უკანონო დაკავებების გამოყენებით.
„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, არაფერი ცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ბრიტნი გრინერი უსამართლოდ არის დაკავებული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ბრიტნისა და უკანონოდ დაკავებული აშშ-ს მოქალაქე პოლ უელანის სახლში დასაბრუნებლად. ეს არის ჩემი და დეპარტამენტის აბსოლუტური პრიორიტეტი.“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსულმა სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გრინერი თებერვლის შუა რიცხვებში, რუსეთში ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში მოთავსებული კანაფის გამო დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების განზრახ შემოტანაში დაადანაშაულეს.