ირაკლი კობახიძე: არც საარჩევნო ბარიერს, არც სააკაშვილის თემას, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არავითარი კავშირი არ აქვს ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან
განცხადების შინაარსი ჩემთვის გაუგებარია, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიების “გირჩისა” და “მოქალაქეების” განცხადება.
როგორც მან იმერეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს განცხადებაში აღნიშნულ თემებს.
„რეალურად, არც საარჩევნო ბარიერს, არც სააკაშვილის თემას, არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ 12 პუნქტთან, რომელიც მოცემულია ევროკომისიის დასკვნაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ამ წერილის შინაარსი გაუგებარია. ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვაქვს მსჯელობა, რაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გავაგრძელებთ ამ გეგმით მუშაობას“, – განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო პარტიებმა – „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, სადაც დეპოლარიზაციისთვის საჭირო სამ ნაბიჯზეა საუბარი: პირველი – საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო ბარიერის დაწევას ეხება, მეორე – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა და მესამე – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.