ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს ლაჩინის დერეფნის გარშემო და საკონტაქტო ხაზის გასწვრივ მდებარე სხვა ადგილებში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პატივი უნდა სცენ და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ.
„ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომლებიც დაიწყო აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და საკონტაქტო ხაზის სხვა ადგილებში. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე მოჰყვა ადამიანური მსხვერპლი და არიან დაშავებულები. საჭიროა დაძაბულობის განმუხტვა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული პატივისცემა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. ევროკავშირი ერთგული რჩება, დაძაბულობის დაძლევაში დაეხმაროს [მხარეებს] და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საკუთარი ჩართულობა განაგრძოს“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხური არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია განახორციელეს. მათივე ცნობით, სომხური მხარე გირხგიზის სიმაღლის აღებასა და იქ ახალი საბრძოლო პოზიციების შექმნას შეეცადა, რასაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.