რა ეღირება ქარელის საკრებულოს დეპუტატების შეხვედრები?
,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ” დადგენილება გამოქვეყნდა.
დეპუტატების მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას ხარჯების ანაზღაურება საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის 100 ლარი იქნება; საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად 100 ლარი განისაზღვრა; ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის – 250 ლარი; ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის შენობაში – 100 ლარი; ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისთვის – თითოეული გასვლისთვის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით განისაზღვრა, მაგრამ არა უმეტეს თვეში სამი შეხვედრისა; საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრებისთვის – 50 ლარი.
დადგენილების მიხედვით, მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული (მოხსენებითი ბარათის საფუძველზე). საკრებულოს სხდომებზე და კომისიებში მონაწილეობის აღრიცხვას საკრებულოს აპარატი აწარმოებს.
საქმიანობის აღრიცხვისთვის საკრებულოს წევრი, ყოველი თვის 5 რიცხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრისა, ანდა საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში.
წყარო: „ქართლი.გე“