შალვა პაპუაშვილი – დანილოვის განცხადებაზე: სერიოზულად კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს

საზოგადოება დაიღალა ასეთი სახის შეტევებით საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის განცხადებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე სერიოზულად კომენტარის გაკეთება უჭირს.

„ამ კრიზისულ პერიოდში, როდესაც რეგიონი ამხელა გამოწვევის წინაშე დგას, ყველამ დაინახა, თუ რამხელა რისკის წინაშე იდგა და კვლავ დგას საქართველო, რაც შეეხება, მათ შორის, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას რუსეთთან და ყველამ ნახა, რა ძალისხმევა იდებოდა ამისთვის; დღემდე მთელი შტურმი მიდის ჰიბრიდული ომისა, რაც არის დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. სულ თავიდან რომ დავიწყოთ – რძის პროდუქტების გვერდის ავლით გატანა, სამხედრო თვითმფრინავის გადაფრენა, სანქციებისთვის გვერდის ავლა, გემების შემოსვლა და ტვირთების გადმოზიდვა, – ეს ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი, რისი მიზანიცაა საქართველოს რეპუტაციის შელახვა, მღელვარების გამოწვევა საზოგადოებაში, შერყევა ხელისუფლების, იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, რომ სამხედრო კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდეს საქართველო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის თქმით, თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, მაშინ მიბაძოს უკრაინას და დაიცვას ისინი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები