რომეო მიქაუტაძე: აჭარის გაზმომარაგების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ისე – აჭარის მაღალმთიანი ზონის ეკონომიკურ განვითარებას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორ გიორგი ჩიქოვანთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის 60 კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მშენებლობას ადგილზე გაეცნო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი დასრულების ეტაპზეა. გაზსადენის ამოქმედების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება როგორც ბუნებრივი გაზით აჭარის რეგიონის შეუფერხებელი გაზმომარაგება, ისე ახალი დასახლებების გაზიფიცირება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ახალი გაზსადენის მშენებლობის აუცილებლობა განპირობებული იყო აჭარის რეგიონის მზარდი მოთხოვნილებით ბუნებრივ აირზე. მისი თქმით, რეგიონში გაზმომარაგების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ისე – აჭარის მაღალმთიანი ზონის ეკონომიკურ განვითარებას.

„ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საქმეში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

პროექტს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ახორციელებს. გაზსადენის ეს განშტოება, ჯამში, 60 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს – აბაშიდან ქობულეთამდე და მის მშენებლობაზე, დაახლოებით, 40 მილიონ ლარამდე გაიხარჯა.

„ახალი გაზსადენი მნიშვნელოვანი შეღავათი გახდება როგორც აჭარის მოსახლეობისთვის, ისე ტურისტული სექტორისთვის, რომლისთვისაც სტაბილური, ხარისხიანი და საიმედო გაზმომარაგება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კორპორაციის გუნდი სრულიად უნიკალური სირთულისა და უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოებს ასრულებს. ქვეყნის სოციალური სექტორის მომხმარებელთა ბუნებრივი აირით გარანტირებული მომარაგების უზრუნველყოფა, ისევე როგორც ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, კორპორაციის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი სფეროა”,- განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

ამჟამად აჭარის რეგიონის გაზმომარაგება წარმოებს ,,ქუთაისი-სოხუმის” მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 განშტოებით, რომელიც ექსპლუატაციაში 1990 წელს შევიდა. ახალი მილსადენის ამოქმედების შემდეგ, არსებულის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, ახალი მილსადენით კი 20 პროცენტით მეტით ბუნებრივი აირის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები