ავსტრიაში ​კორონავირუსული პაციენტებისთვის თვითიზოლაციის მოთხოვნა მოიხსნა

ავსტრიაში 1-ელი აგვისტოდან კორონავირუსით ინფიცირებულთათვის თვითიზოლაციის წესის დაცვა სავალდებულო აღარ იქნება, საჭიროების შემთხვევაში, მათ ადამიანებთან კონტაქტში შესვლა და გარეთ გასვლაც შეეძლებათ.

ამის შესახებ Kurier წერს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულებს შეუძლიათ სახლიდან გასვლა ან სახლში სტუმრების მიღება პირბადის ტარების პირობის დაცვით. ნიღბის გარეშე სიარული ნებადართულია მხოლოდ ქუჩაში იმ პირობით, რომ ადამიანებს შორის 2- მეტრიანი დისტანციაა დაცული.

ამასთანავე, დადებითი პასუხის მქონე პირებს კვლავ ეკრძალებათ რესტორნებსა და ბარებში შესვლა.

ასევე, შენარჩუნებულია შესვლის აკრძალვა ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა მოხუცთა თავშესაფარი, საავადმყოფოები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ.

ინფიცირებულ ბავშვებს სკოლაში მისვლა ეკრძალებათ, ასეთ დროს მშობლებს სამსახურიდან ერთკვირიანი შვებულების აღების უფლება ექნებათ.

კორონავირუსული პაციენტების გადაადგილების შეზღუდვა დადებითი ტესტის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები