პოეტ ვახტანგ ჯავახაძეს 90 წელი შეუსრულდა

 პოეტ  ვახტანგ ჯავახაძეს 90 წელი შეუსრულდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ბატონ ვახტანგ ჯავახაძეს იუბილეს, უსურვებს მხნეობასა და დღეგრძელობას.
„პოეტის შემოქმედებითი ბიოგრაფია მრავალფეროვანი და საინტერესოა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტურ წლებშივე გენიალურ გალაკტიონთან შეხვედრამ და შემდგომ მასთან ურთიერთობამ ბევრწილად განსაზღვრა ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებითი გზა. შემთხვევით არ წერს ერთ-ერთ გამორჩეულ ლექსში: „მე პირს არ ვიბან: მე ერთხელ გალაკტიონმა მაკოცა“.
გალაკტიონს მიუძღვნა უკვე სახელგანთქმულმა პოეტმა არაჩვეულებრივი პროზაული ქმნილება: „უცნობი, ანუ აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა“, რომელმაც არნახული პოპულარობა მოუტანა. თუმცა, ამ დიდებულმა წიგნმაც ვერ დაგვავიწყა მისი პოეზია. შეუძლებელიც არის იმ ლექსების დავიწყება, რომლებიც გვიდასტურებენ, რომ „არ დაკარგულან ლამაზი ხმები“…
ვახტანგ ჯავახაძემ თარგმნა ვლადიმერ მაიაკოვსკის პოემები. მის ლექსებზე შექმნილია სიმღერები.
თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში ვახტანგ ჯავახაძის მიერ შეტანილი წვლილი სათანადოდაა დაფასებული შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიით, ასევე, მინიჭებული აქვს პრემიები „საბა“ და „გალა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები