კულტურის სამინისტრო მერაბ თავაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს
29 ივლისი გამორჩეული ქართველი კინორეჟისორის, თეატრისა და კინოს მსახიობის, მერაბ თავაძის დაბადების დღეა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს იუბილეს ბატონ მერაბ თავაძეს, უსურვებს მხნეობასა და ჯანმრთელობას.
„მისი მრავალფეროვანი მოღვაწეობის საწყისი ეტაპი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტს და შემდგომში, ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ იგი წლების განმავლობაში საქმიანობდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში, სადაც არაერთ სპექტაკლში შექმნა სცენური სახე. გარდა ამისა, 1992 წელს, მეუღლესთან, მსახიობ იზა გიგოშვილთან ერთად, დააარსა „სამეფო უბნის თეატრი“, რომლის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლავთ.
ამასთანავე, მერაბ თავაძე ნაყოფიერად მოღვაწეობს კინომატოგრაფში, არის კინოკომპანია „იბერია-ფილმის“ პრეზიდენტი. მან გადაიღო ფილმები: „მთის ნოველა“, „მე დავბრუნდები“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“, „ხვეული კიბით“, რომელთაც არაერთი საერთაშორისო პრიზი და ჯილდო მოიპოვეს.
გარდა დამდგმელი რეჟისორის შემოქმედებისა, მან, როგორც კინომსახიობმა, არაერთი პერსონაჟი განასახიერა ფილმებში: „თოჯინები იცინიან“ (რეზიკო), „ზღვის ბილიკი“ (დათო), „დრო იწურება განთიადისას“ (ტონი გარსი), „პიერი, მილიციის თანამშრომელი“ (ანზორი), „მყუდრო სავანე“ (გივი), „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (გელაშვილი).
მერაბ თავაძე გახლავთ თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.