29 ივლისი ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვის დაბადების დღეა

საქართველოს სახალხო მხატვარს, ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვს, დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ცნობილი მხატვრის, ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვის შემოქმედება არაერთ საინტერესო სახელოვნებო სფეროს მოიცავდა, ესენია: დაზგური ფერწერა და გრაფიკა, მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნება, თეატრი და კინო. 1962 წლიდან, იგი საგამოფენო საქმიანობით იყო დაკავებული და იმ პერიოდში გახდა მხატვართა კავშირის წევრიც. 1964-1969 წლებში იყო სპეციალური სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროს, ხოლო 1970-1973 წლებში საქართველოს ტელევიზიის მხატვრული გაფორმების სექტორის მთავარი მხატვარი. ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვმა 1984 წლიდან საგანმანათლებლო მიმართულებით დაიწყო მოღვაწეობა და წლების განმავლობაში ამ სფეროშიც წარმატებულად საქმიანობდა. იგი იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი და მონუმენტური ფერწერის სახელოსნოს ხელმძღვანელი.
„ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვის ფერწერული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „თუშეთი“, „მუსიკოსები“, „კახელები“ და „ხაბაზები“. ასევე, განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ქართული მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების განვითარებაში. ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვის მიერაა შესრულებულია კომპოზიცია ბიჭვინთაში – „სიმღერა საქართველოზე“, მთაწმინდის მიღებათა დარბაზში განთავსებული პანო „ფიროსმანის მონატრება“ და „ბერიკაობა“ კინოს სახლში.
მან მხატვრულად გააფორმა არაერთი დრამატული, საოპერო და საბალეტო დადგმა, მათ შორის: ბ. კვერნაძის „ქორეოგრაფიული ეტიუდები“, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“, ე. შვარცის „ჩრდილი“, გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“, ი. ფალიკის „ორესტეა“, ს. ცინცაძის „ანტიკური ესკიზები“, იოჰან სებასტიან ბახის „ჩაკონა“, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“, დეკორაციები შექსპირის „მეფე ლირისთვის“ და არაერთი სხვა.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია ხელოვნების მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, მოსკოვის ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში, ასევე, კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ნიკოლოზ (კოკა) იგნატოვს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო და პრემია. 1978 მან მიიღო საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება, 1981 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1997 ღირსების ორდენი და 2001 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები