ირაკლი კოვზანაძე: ახალი კანონით, ფინანსურ ბაზარზე გაჩნდება პროდუქტი დამატებითი ლიკვიდობისთვის
„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონპროექტის მიღებით ფინანსურ ბაზარზე გაჩნდება ახალი პროდუქტი, რომელიც იქნება დამატებითი ლიკვიდური ინსტრუმენტი დაფინანსების მოსაპოვებლად“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საკრედიტო ინსტიტუტების მიერ ასეთი ობლიგაციების გამოშვება კომერციული ბანკების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ და დაკრედიტების ხელშემწყობ ფაქტორად განიხილება.
„დეპოზიტებისა და სახსრების მოზიდვის სხვა ალტერნატიული წყაროების პარალელურად იპოთეკური ობლიგაციების ემისია საკრედიტო ინსტიტუტებისათვის შეიძლება, იქცეს იაფ და სტაბილურ დაფინანსებაზე წვდომის ერთ-ერთ საშუალებად, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. გარდა ამისა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იპოთეკური ობლიგაცია შეიძლება განვიხილოთ მაღალი საიმედოობისა და დაცულობის ინსტრუმენტად.