კობახიძე – ივანიშვილის წერილზე: ის შეიცავს ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას, გზავნილებს, საინტერესო მინიშნებებს – გვირჩევნია, საზოგადოებამ დასკვნები თავად გამოიტანოს
ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან. მათ შორის, ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თავად წაიკითხავს და გამოიტანს დასკვნებს ამ წერილიდან, – ასე აფასებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წერილს.
„პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ სერიოზული კითხვები გააჩინა ამ წერილმა, თუმცა, სიღრმეში არ გვინდა შესვლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებთ, რომ კულისებში ხდება იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი. არის გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ იმის გამო, რომ რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ შემთხვევაში, ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან. მათ შორის, ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თავად წაიკითხავს და გამოიტანს დასკვნებს ამ წერილიდან.
თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის და გზავნილების შემცველია ბატონი ბიძინას წერილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ კვლავაც უნდა დავტოვოთ იმ სივრცეში, რაშიც არის, საჯაროდ გაგვიჭირდება რაღაცებზე საუბარი. თუმცა, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს. რეალურად, ძალიან ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს ეს წერილი. გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები იმ მკაფიო გზავნილებიდან, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამ წერილში.
არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები ამით იყვნენ დაინტერესებული. ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით იმ ძალებზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით. ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული „ენჯეოები“, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების რიტორიკის კამპანიაში. ეს არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ წერილში საზოგადოებისთვის მკაფიო გზავნილებია მოცემული და დანარჩენ დასკვნებს თვითონ გამოიტანენ. რისკები, ბუნებრივია, რჩება, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად როგორც ხელისუფლება, ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გაავრცელა.