არჩილ თალაკვაძე: დღეს დილიდან „ნაცმოძრაობა“ აბრალებს კელი დეგნანს, რომ ის შესულია რაღაც არაფორმალურ ურთიერთობებში

გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დილასაც თავს ესხმის აშშ-ს ელჩს. დღეს დილიდან „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებს კელი დეგნანს, რომ ის შესულია რაღაც არაფორმალურ ურთიერთობებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აშშ-ს და მის წარმომადგენლებსაც შეურაცხყოფას აყენებენ თავიანთი ინტერესების გამო.

„მას შემდეგ, რაც წერილი გამოქვეყნდა, ომის პარტიის ყველა სპიკერის რეაქცია სამი წუთის განმავლობაში იყო ზუსტად იგივე ანუ „ნაციონალური მოძრაობის“, ომის პარტიის ყველა მოლაპარაკე თავმა თქვა ერთი და იგივე, რომ აი, ხომ გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისევ პოლიტიკაში არისო. აქაც ჩანს, ეს ადამიანები, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას. როგორც თვითონ ფიქრობენ, რომ მოკლე დისტანციაზე შეუძლიათ პოლიტიკაში სირბილი, ჰგონიათ, რომ საზოგადოებაც ასეა. აშშ-ს და მათ წარმომადგენლებსაც შეურაცხყოფას აყენებენ თავიანთი ინტერესების გამო, იოლად წამოჰკრავენ ხოლმე ხელს. მარტივად გეტყვით, დღეს, ომის პარტიის კომენტარები იყო ასეთი, ხომ გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისევ პოლიტიკაში არისო ანუ მათ თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ არაფორმალურ მმართველობას თავიანთი ჭკუით და მეორე მხრივ, გამოდის,რომ აშშ-ს ელჩს, ქალბატონ დეგნანს აბრალებენ, რომ ის მათი გაგებით, ხვდება არაფორმალურ მმართველს და განიხილავს თემებს. გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დილასაც თავს ესხმის, ისევ და ისევ, აშშ-ს ელჩს. დღეს დილიდან „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებს კელი დეგნანს, რომ ის შესულია რაღაც არაფორმალურ ურთიერთობებში“,- განაცხადა თალაკვაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში”.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები