კახა კალაძე: დღეიდან ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა იყოს

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. თუ იქნება პატივისცემა, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ჟურნალისტს შორის მომხდარ გუშინდელ ინციდენტს.

მისივე თქმით, ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია.

„მე ვგმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არის გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, ეს ძალიან საწყენია და ცუდია. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება, არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველაფერზე წინ დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა. როდესაც ჟურნალისტი ხარ და შეურაცხყოფას აყენებ რესპონდენტს, არ აქვს მნიშვნელობა –  ეს პოლიტიკოსი მოგწონს თუ არა, არ არის მისაღები. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. იქნება ეს პატივისცემა, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც. ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს. მესმის, რომ შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შეურაცხყოფა მიაყენო. არ შეიძლება. დეტალებში არ შევალ, ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი. დღეიდან ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა იყოს“, – აცხადებს კალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები