მამუკა მდინარაძე – ღია წერილზე: მგონია, რომ ელჩმა პირდაპირი პასუხების გზით უნდა დაამთავროს ეს საკითხი
მე რომ მიმაჩნდეს, რომ ასეთი საუბარი საჯაროდ არის აბსოლუტურად ნორმალური, დასაშვები და კარგი, მაშინ ისინი ჩვენი გუნდის წევრები იქნებოდნენ, ჩვენ რომ ასე მიგვაჩნდეს. მათ არჩიეს კომუნიკაციის სხვა ფორმა საზოგადოებასთან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ამერიკის ელჩისადმი.
„მე მგონია, რომ ელჩმა, ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენელმა ქვეყანაში, პირდაპირი პასუხების გზით უნდა დაამთავროს ეს საკითხი და ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივად იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მორიგი ღია წერილით მიმართეს, რომელშიც აღნიშნულია: „ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე, თავად უთხრას საზოგადოებას, შეხვდა თუ არა კელი დეგნანს 24 თებერვლის შემდეგ და ვისი ინიციატივით“.