რატომ ჩამოერთვათ უგულავა-მერაბიშვილს გარკვეული ნივთებით სარგებლობის უფლება – სამინისტროს განმარტება
სასჯელაღსრულების სამინისტრო შს ყოფილი მინისტრისთვის, ვანო მერაბიშვილისთვის და თბილისის ყოფილი მერისთვის, გიგი უგულავასთავის საპატიმროში გარკვეული ნივთებით სარგებლობის უფლების ჩამორთმევის მიზეზებს განმარტავს. როგორც სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული, ვანო მერაბიშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს, რის გამოც მას დისციპლინური სახდელი დაეკისრა.
რაც შეეხება გიგი უგულავას, სამინისტროს განმარტებით, გიგი უგულავას, პატიმარს დირექტორის ნებართვით, მის ქცევაზე დაკვირვებისა და უსაფრთხოების შესწავლის შემდეგ, შეიძლება მიეცეს პირადი ტელევიზორით და რადიომიმღებით სარგებლობის უფლება.
„2014 წლის 6 აგვისტოს, ბრალდებულებმა ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ, წინასასამართლო სხდომაზე გარკვეული ნივთებით სარგებლობის სურვილი გამოთქვეს.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მას ჩამორთვეს კომპიუტერი და ტელევიზორი, რომლებსაც თითქოს არ უბრუნებენ.
მიმდინარე წლის 8 ივლისს, ვანო მერაბიშვილმა დაარღვია დისციპლინა, კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომელს, რის გამოც მას დაეკისრა პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი, კერძოდ, 4 თვით (მაქსიმალური ვადაა 6 თვე) შეეზღუდა ნებადართული ნივთებით: კომპიუტერითა და ტელევიზორით სარგებლობის უფლება.
მერაბიშვილის წარმომადგენლებმა აღნიშნული დისციპლინური სახდელი გაასაჩივრეს, რის შემდეგაც, მოსამართლის განჩინებით, მას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, დროებით მიეცა კომპიუტერით სარგებლობის უფლება. აღნიშნული განჩინება სასჯელაღსრულების დაწესებულებამ შეასრულა და მას დროებით გადაეცა კომპიუტერი.
რაც შეეხება გიგი უგულავას, პატიმარს დირექტორის ნებართვით, მის ქცევაზე დაკვირვებისა და უსაფრთხოების შესწავლის შემდეგ, შეიძლება მიეცეს პირადი ტელევიზორით და რადიომიმღებით სარგებლობის უფლება. ამისათვის საჭიროა დაწესებულების ადმინისტრაცია გარკვეული დროის განმავლობაში დააკვირდეს მის ქცევას და შეისწავლოს ბრალდებული, ხოლო რაც შეეხება კომპიუტერულ ტექნიკას, ამისათვის საჭიროა ბატონ უგულავას უკვე ჰქონდეს მსჯავრდებულის სტატუსი და განესაზღვროს დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება, სადაც მას დირექტორის გადაწყვეტილებით, წახალისების ფორმით, შეიძლება მიეცეს კომპიუტერით სარგებლობის უფლება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N97 ბრძანების მიხედვით, მაცივარი და გასანათებელი მოწყობილობა არ არის ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის დაშვებული ნივთების ჩამონათვალში, შესაბამისად, წარმოადგენს აკრძალულ ნივთებს“, – აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.