ამირან გამყრელიძე: არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი
“არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება, ნაკლები თამბაქო და, საერთოდ, უარი თამბაქოს, ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები მარილის დაყრა საკვებზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც.
„არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება, ნაკლები თამბაქო და, საერთოდ, უარი თამბაქოს, ნაკლები ალკოჰოლი, ნაკლები მარილის დაყრა საკვებზე. მოგეხსენებათ, 5 გრამია დღეში მარილის მოხმარების ნორმა და საშუალოდ, ქართველი 8 გრ-ზე მეტს იყენებს. ამიტომ, ეს თანდათან უნდა დავივიწყოთ, რადგან მარილი გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი მომატებული წნევის, ხოლო მომატებული წნევა გახლავთ მაღალი რისკ-ფაქტორი გულის იშემიური დაავადებების, გულის კუნთის ინფარქტის და ინსულტის განვითარების, რაც ქვეყანაში სიკვდილიანობის პირველი მიზეზია. ამიტომ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაითავისოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომ არ უნდა მოწიოთ, ალკოჰოლი შეიძლება, ძალიან ზომიერად მიიღოთ, ნაკლები მარილი და მეტი ფიზიკური აქტივობა, დღეში დაახლოებით 4-5 კმ იარეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.