თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ქობულეთის ახალი ბულვარი ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის ახალი ბულვარის გახსნას გამოეხმაურა.
რიჟვაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ ქობულეთის ახალი ბულვარი ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება.
„მინდა ქობულეთს და ქობულეთელებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, რამდენი ადამიანია შეკრებილი ახალ ზღვისპირა პარკში. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა „განახლებული რეგიონების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, დაემატა ახალი 1-კილომეტრიანი ბულვარი, შესაბამისი სარეკრეაციო სივრცეებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის გახდება ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. მუნიციპალიტეტის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ახალი ობიექტი, ვინაიდან ის გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესს“, – აცხადებს რიჟვაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში ახალი ერთ კილომეტრამდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ქობულეთის ახალი ბულვარი დღეს ოფიციალურად გახსნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ.