კონსტანტინე ქავთარაძე: შვედეთი საქართველოს მხარდამჭერი და ლობისტი ქვეყანაა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
ელჩი აცხადებს, რომ შვედეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და ლობისტი ქვეყანაა.
მისივე თქმით, შვედეთის მთავრობა აბსოლუტურად საქმის კურსშია საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ყველა მნიშვნელოვანი პროცესის შესახებ.
“შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ შვედეთი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ეს არის ქვეყანა, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ერთ-ერთი მხარდამჭერია, რომელიც აქტიურად ლობირებს საქართველოს ევროკავშირში და რომელიც, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია. აქედან გამომდინარე, ჩვენ შვედეთის პოლიტიკას სწორედ ამ გადასახედიდან ვაფასებთ და არა ტვიტერზე გაკეთებული განცხადებით”, – განუცხადა ჟურნალისტებს ქავთარაძემ.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიკრობლოგ ტვიტერზე ეხმაურება.
“საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის შურისძიების მიზნით გამოყენებით ევროპულ გზას სცდება. ეს ქვეყანას აზიანებს”, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.